• Geo
  • Eng
04.03.2022
მარცხი დინამო ბათუმთან
4 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩში დინამო თბილისი სტუმრად დინამო ბათუმს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით - 3:0 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე ჩვენი გუნდი უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური მაისურებით გამოვიდა, დედაქალაქელთა საკაპიტნე კი უკრაინული დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი. 
 
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-11 წუთზე საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ჯოვინო ფლამარიონმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა. ამ ეპიზოდში თბილისელთა მეკარე დავით კერესელიძე დაზიანდა და მის მაგივრად თამაში ესპანელმა ლეგიონერმა ანდრეს პრიეტომ გააგრძელა. ბათუმელებმა ორბურთიანი უპირატესობაც მალევე მოიპოვეს, 24-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ჩვენს საჯარიმოში ტექნიკურად იმოქმედა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ძლიერი დარტყმით გაიტანა. 
 
დარჩენილ დროში გატანის კარში შანსი ჰქონდა ანზორ მექვაბიშვილს, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცვლის ძლიერი დარტყმა მიზანს ასცდა. 
 
მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი შეტევაში გააქტიურდა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მიუხედავად ამისა კახა ცხადაძის გუნდმა გატანა ვერ მოახერხა. საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე დაფიქსირდა, საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა ტექნიკური შედეგიანი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დაასრულა.
 
მატჩის ოქმი იხილეთ ბმულზე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024