• Geo
  • Eng
01.02.2022
ჩვენი მეტოქე - ლუდოგორეცი რაზგრადი

დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და შეკრების პირველ ეტაპს დაასრულებს. თბილისელთა მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი - რაზგრადის ლუდოგორეცი იქნება. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა დინამოს YouTube არხით იქნება შესაძლებელი.

 

ლუდოგორეცი 1945 წელს დაარსებული კლუბია, რომელმაც რაზგრადული ხუთი პატარა კლუბი გააერთიანა. თავის საშინაო მატჩებს ჩვენი მომავალი მეტოქე ჰუვეფარმა არენაზე ატარებს, რომელიც 10 500 მაყურებელს იტევს. ლუდოგორეცის საკლუბო ფერები მწვანე და თეთრშია გადაწყვეტილი. 1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და დაერქვა - ანტიბიოტიკი, თუმცა 2006 წელს, ისე რომ უმაღლეს ლიგაში არასდროს უთამაშია, კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა.

 

2010 წელს საფეხბურთო კლუბი რაზგრადი2000  ლუდოგორეცის სამართალმემკვიდრე გახდა და სახელიც გადაერქვა. 2011 წელს არწივებმა (ლუდოგორეცის ზედმეტსახელი) ბულგარეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს და ამასთან ერთად სეზონის ბოლოს ისტორიული შედეგიც აჩვენეს მოიგეს რა ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. იგივე ტრიუმფი ლუდოგორეცმა 2014 წელს შესთავაზა თავის გულშემატკივარს.

 

სულ ბულგარულ კლუბს ათჯერ აქვს მოგებული ეროვნული ჩემპიონატი (2011/2012 – 2020/2021), ორჯერ თასი (2011/2012, 2013/2014) და ხუთჯერ (2012, 2014, 2018, 2019, 2021) ბულგარეთის სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რაზგრადულმა გუნდმა ორჯერ - 2014/15 და 2016/17 წლების სეზონზე იასპარეზა. ევროპა ლიგის ჯგუფში კი ბულგარელები 2018/19 წლის მერე შარშანაც გამოჩნდნენ და ჯგუფში ბრაგასთან, ცრვენა ზვეზდასთან და მიდტიულანდთან ითამაშეს.

 

ლუდოგორეცის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ წლის დასაწყისიდან სლოვენიელი ფეხბურთის სპეციალისტი - ანტე შიმუნძა მუშაობს. მისი გუნდი ბულგარეთის მიმდინარე პირველობაზე 18 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 42 ქულით ტრადიციულად სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

 

ლუდოგორეცი თურქეთში შეკრებაზე 12 იანვრიდან იმყოფება და რამდენიმე საკონტროლო მატჩი უკვე ჩაატარა კიდეც. ბულგარელებმა 18 იანვარს პირველი შეხვედრა კრაკოვის ვისლასთან ფრედ 1-1 დაასრულეს. 21 იანვარს ლუდოგორეცს მეტოქეობა ავსტრიულმა ვოლფსბერგერმა გაუწია, სპარინგი ასევე ყაიმით 3-3 მორჩა. 27 იანვარს ჩვენმა მეტოქემ ვისლა პლოცკი 2-1 დაამარცხა. გუშინ კი რაზგრადელები დინამო კიევს შეხვდნენ და მატჩი 1-4 დათმეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე 8 თებერვალს სწორედ კიევური გუნდი იქნება, ხოლო შარშან თურქულ შეკრებაზე ლუდოგორეცთან სპარინგი 1-3 წავაგეთ. გოლი ბულგარელთა კარში ზორან მარუშიჩმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024