დინამო თბილისის მსგავსად ახალი სეზონისთვის მზადება დინამოს მეორე შემადგენლობამაც დაიწყო. დღეს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი აკადემიის ბაზაზე შეიკრიბა და ზამთრის პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა.
დინამო 2 ახალი სეზონისთვის სამ ეტაპად მოემზადება. თბილისელები თებერვლის შუა რიცხვებამდე შეკრებას ადგილზე გაივლიან და 12 თებერვალს თანაქალაქელი ლოკომოტივის მეორე შემადგენლობასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
16 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით კი, დინამოელები შეკრებას ბელეკში გააგრძელებენ. თურქეთში ჩვენი გუნდის მეორე შემადგენლობა ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ბელეკში გასამართი შეხვედრების განრიგი:
18.02.2022 | დინამო 2 - შახტარი U19 დონეცკი
21.02.2022 | დინამო 2 - არსენალი 2 ტულა
23.02.2022 | დინამო 2 - დინამო 2 მოსკოვი
27.02.2022 | დინამო 2 - ლოკომოტივ-კაზანკა მოსკოვი
მარტიდან ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მზადებას თბილისში განაგრძობს, ამხანაგური მატჩების განრიგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3 სტარტს 4 აპრილიდან აიღებს. პირველ ტურში ლურჯ-თეთრები საფეხბურთო კლუბ ვარკეთილს შეხვდებიან. გათამაშების სრულის კალენდარი იხილეთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ დინამოს მეორე შემადგენლობამ ლიგა 4 პირველ ადგილზე დაასრულა და 2022 წლის სეზონიდან ლიგა 3-ში ასპარეზობის საგზური მოიპოვა.