• Geo
  • Eng
10.02.2022
ჩვენი მეტოქე - დინამო მოსკოვი

დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეხუთე შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას რუსული პრემიერ ლიგის მეორეადგილოსანი - მოსკოვის დინამო გაუწევს. მატჩი ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებზე, Facebook და Youtube პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.

 

დინამო მოსკოვი 1923 წელს დაარსდა. მოსკოველთა საკლუბო ფერები ლურჯი და თეთრია. საშინაო მატჩებს დინამო მოსკოვი VTB არენაზე ატარებს, რომელის ტევადობაც 26 000 მაყურებელზეა გათვლილი. დინამო მოსკოვი პოსტ საბჭოთა ქვეყნების ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია და 2017 წლამდე ჩვენსა და კიევის დინამოსთან ერთად ითვლებოდა გუნდად, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებია (2017/2018 სეზონი გუნდმა ქვედა ლიგაში გაატარა და ისევ პრემიერ ლიგას დაუბრუნდა). მოსკოველები მიმდინარე რუსეთის ჩემპიონატში 18 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ.

 

დინამო მოსკოვმა 11- ჯერ მოიგო სსრკ- ს ჩემპიონატი და 11- ჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი. 6- ჯერ აღმართეს ბროლის თასი და 5 ფინალი დათმეს. აი რუსეთის ჩემპიონატში დინამო მხოლოდ ერთხელ 1994/1995 სეზონში მოპოვებული თასით დაიკვეხნის, სამი ფინალი კი მოსკოველებმა დათმეს. საერთაშორისო არენაზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 1971/1972 სეზონში უეფას თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტი მატჩი რეინჯერსთან 2-3 დათმო.

 

ჩვენი გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 108 მატჩს ითვლის. მოსკოველთა სასარგებლოდ 54 შეხვედრა დასრულდა, 31 მატჩი ყაიმით მორჩა, ხოლო 23 პაექრობა თბილისელებმა მოიგეს. ამის შემდეგ გუნდები ერთმანეთს კიდევ სამჯერ - ამხანაგური მატჩის სტატუსით შეხვდნენ. 2002 წელს ფრე 1-1, 2008 წელს მეტოქემ 3-0 მოიგო, ხოლო 2013 წელს დინამო არენაზე გამართული მატჩი ასევე საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა.

 

დინამომ შეკრების პირველი ეტაპი ყატარში გაიარა. მეორე შეკრება 25 იანვარს კი თურქეთში დაიწყეს. ჩაატარეს ამხანაგური მატჩებიც - 28-ში სოფიის ცსკა-თან 1-3 დამარცხდნენ, 31 იავარს 2-0 ენისეის მოუგეს, ხოლო 1 თებერვალს 1-2 სლოვაკურ რუჟომბეროკთან დათმეს. მომდევნო დღეს დინამომ 2-1 ბელგრადის პარტიზანი დაამარცხა. შეკრების მესამე ეტაპი მოსკოველებმა 3 დღე დაისვენეს და 7 იანვრიდან ისევ ანტალიას ესტუმრნენ.

 

დინამოელთა თავკაცის პოსტზე მეორე სეზონია გერმანელი ფეხბურთის სპეციალისტი სანდრო შვარცი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024