• Geo
  • Eng
14.02.2022
ჩვენი მეტოქე - ფახთაქორი

ხვალ დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე დასკვნით, მეშვიდე შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას უზბეკეთის ჩემპიონი - ტაშკენტის ფახთაქორი გაუწევს. მატჩი ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებზე, Facebook და Youtube პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.

 

ფახთაქორი 1956 წელს დაარსდა. ტაშკენტელთა საკლუბო ფერები ლურჯ და ყვითელშია გადაწყვეტილი. საშინაო მატჩებს ფახთაქორი ცენტრალურ სტადიონზე ატარებს, რომელის ტევადობაც 35 000 მაყურებელზეა გათვლილი. ტაშკენტელებმა დასრულებულ უზბეკურ სუპერლიგაში 26 მატჩიდან დაგროვილი 60 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები მიჯრით მესამედ მიიღეს.

 

ფახთაქორმა უზბეკეთის სუპერლიგა სულ 14-ჯერ მოიგო, რაც ადგილობრივ რეკორდად ითვლება. ასევე რეკორდული რაოდენობით, 13-ჯერ მოიგეს ბამბის მკრეფავებმა ეროვნული თასი. უზბეკეთის სუპერთასი და ლიგის თასი კი თითო-თითოჯერ. საბჭოთა პერიოდში ფახთაქორმა ბროლის თასის ფინალი 1968 წელს მოსკოვის ტორპედოსთან დათმო. 2007 წელს ლომებმა (ამის გარდა გუნდის მესამე ზედმეტსახელია - სახალხო გუნდი) ლატვიურ ვენტსპილსთნ პენალტების სერიაში თანამეგობრობის თასი მოიგეს, ხოლო მომდევნო წელს იმავე ტურნირის ფინალი ლენქორანის ხაზართან 3-4 დათმეს. საერთაშორისო ასპარეზზე ფახთაქორმა ორჯერ - 2002/2003 და 2004 სეზონზე აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უწია. პირველ ჯერზე სახალხო გუნდი ტაილანდურ ტერო სანასტან დამარცხდა, ხოლო შემდეგი ნახევარფინალი კორეულ სეონამთან დათმეს.

 

ჩვენი გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 42 მატჩს ითვლის. თბილისელთა სასარგებლოდ 19 შეხვედრა დასრულდა, 10 მატჩი ტაშკენტელებმა მოიგეს, ხოლო 13 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

 

ბამბის მკრეფავები ანტალიაში შეკრებაზე 5 თებერვლიდან იმყოფებიან და ორი ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრეს. 7 თებერვალს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უჟგოროდის მინაი 1-0 დაამარცხა, ხოლო 11 თებერვალს საფეხბურთო კლუბ უფასთან შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. 

 

ფახთაქორის თავკაცის პოსტზე იანვრის შემდეგ ჩრ. მაკედონიელი ფეხბურთის სპეციალისტი სლავჩე ვოინესკი მუშაობს, რომელმაც ნიდერლანდელი პიტერ ჰუისტრა შეცვალა. მანამდე კი აღსანიშნავია, რომ ტაშკენტელებს 2017-2020 წლებში შოთა არველაძე წვრთნიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024