29 აპრილს 34-ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურში რამაზ შენგელიას სტადიონზე, ტორპედო დინამოს უმასპინძლებს. ქართული დერბი 21.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე - ტორპედო ქუთაისი
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს.
ტორპედოს მწვრთნელი
2021 წლის ნოემბრიდან ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გია ცეცაძე მუშაობს. მისმა გუნდი 9 ტურის შემდეგ დაგროვილი 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 82 მატჩიდან, 44- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 134/70 თბილისელთა სასარგებლოდაა. ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე ორჯერ დაამარცხეს. 2013/2014 სეზონში, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა და იგივე ანგარიში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმეორა დედაქალაქურმა გუნდმა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც ტაბლოზე 19-ჯერ დაფიქსირდა. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო, ანგარიშით - 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი თბილისში 2022 წლის 25 თებერვალს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ტორპედოს კარში გიორგი მოისწრაფიშვილმა, სტანისლავ ბილენკიმ, საიმონ ბენიომ და უსმანე კამარამ გაიტანეს.
მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას არსენ ნონიკაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. ახვლედიანი და დ. გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გ. ვარდიძე გახლავთ. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას საბა ხვადაგიანი გამოტოვებს.