დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-12 გუნდი თურქეთის ქალაქ ანთალიაში გასამართი ლუკოილის ბავშვთა თასის 2013 წლის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც წელს მეთხუთმეტედ ჩატარდება. დინამოელების მსგავსად 12–16 აგვისტოს გასამართ ტურნირზე ანთალიასპორის (თურქეთი), გალათასარაის (თურქეთი), სოფიის სლავიას (ბულგარეთი), ბაქოს ინტერის (აზერბაიჯანი) და ლუცკის ვოლინის (უკრაინა) ასაკობრივი გუნდები იასპარეზებენ.
სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილი გუნდი ტურნირისთვის ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ბაზაზე ემზადება. მოზარდი დინამოელები თურქეთში გამგზავრებამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ჩვენი აკადემიის U-12 გუნდი 5 აგვისტოს ბათუმელ თანატოლებს უმასპინძლებს. გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, 9 აგვისტოს კი ბოლო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.