• Geo
  • Eng
08.03.2022
დინამო - სიონი | მატჩამდე

დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დინამო არენაზე 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005/2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. 2013/2014 სეზონის პირველობაზე ჩვენმა მეტოქემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ამით გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. სიონი ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე ალბანეთის ფლამურტარს დაუპირისპირდა. ბოლნისელებმა საშინაო შეხვედრა 2-3 დათმეს, გასვლაზე 2-1 მოიგეს, თუმცა ეს ანგარიში არ ეყო ჩვენს მომავალ მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. 2015-2016 წლების სეზონში სიონმა უმაღლესი ლიგა დატოვა. 2017 წელს კი პლეი ოფში ბათუმის დინამოსთან იმარჯვა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. ეროვნულ ლიგაში ბოლნისელებმა ორი სეზონი იასპარეზეს, შემდეგ გუნდი ლიგა 2- ში დაქვეითდა, ხოლო 2021 წელს ეროვნული ლიგის საგზური დაიბრუნა.

 

 

მწვრთნელი და სიონი

2021 წლის ივნისიდან ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გიორგი დარასელია მუშაობს. მისმა გუნდმა სეზონის ფინიში წარმატებით დაძლია და ორწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. 

 

 

დინამო - სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 65 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 51 მოგება, 6 ფრე და 8 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც თბილისელთა სასარგებლოდაა 159/39.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 51 გამარჯვებიდან მეტოქე 21 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8-0 მოუგო. პოკერი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით 8-1 დასრულდა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გიორგი შენგელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს სიონს. თითო ზუსტი დარტყმა ლევან ცქიტიშვილის და გიორგი მიქაძის ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9-0 სძლია. დინამო არენაზე გამართულ მატჩში რობერტ ზირაქიშვილმა და გიორგი მიქაძემ ჰეთ თრიქი შეასრულეს. დუბლი დავით დათვაძემ გაიფორმა და ერთი გოლიც სანდრო გადელიამ შეაგდო.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ბოლო დაპირისპირება 2019 წლის 28 სექტემბერს შედგა. დინამო არენაზე გამართული მატჩი საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. ანგარიში გიორგი კუხიანიძემ გახსნა, ხოლო საპასუხო გოლი ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას ბაქარ ნინუა მოემსახურება. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ი. კაკაბაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024