• Geo
  • Eng
02.03.2022
Setanta Sports-ი დინამოს სატიტულო სპონსორი გახდა
დინამო თბილისის სპონსორი ჩვენი რეგიონის უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი Setanta Sports-ი გახდა. მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. 
 
Setanta Sports-ი დინამო თბილისის სატიტულო სპონსორი იქნება და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მატჩების ტრანსლირებას, ამხანაგური, ოფიციალური ტურნირების ორგანიზებასა და შესაბამის სატელევიზიო არხებში გაშუქებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის მატჩებს, ექსკლუზიურად Setanta Sports-ის ეთერში იხილავთ.
 
"დინამო თბილისი ბედნიერია Setanta Sports-თან მიღწეული შეთანხმებით. ეს სპონსორობა ბევრ მიმართულებას მოიცავს და დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობით, ორივე მხარე დიდ სარგებელს მიიღებს. ამ შეთანხმებით უნიკალური შანსი გვეძლევა, ჩვენი კლუბის მიმართ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, რაოდენობრივადაც გავზარდოთ და ხარისხობრივადაც. დარწმუნებული ვარ, ამ ორი ბრენდის პარტნიორობა რეგიონში წარმატებული და მრავალფეროვანი თანამშრომლობის განსხვავებულ პრეცედენტს შექმნის." - აცხადებს დინამო თბილისის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე.​
 
Setanta Sports-ის ეთერში გავა ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 2016 წლიდან იმართება და ამ დროის განმავლობაში, თბილისში, არაერთმა ევროპული გრანდის აკადემიამ მიიღო მონაწილეობა.
 
"adjarasport-ი და Setanta Sports-ი, თავიანთი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ადგილობრივ ათლეტებსა და სპორტულ კლუბებთან თანამშრომლობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეგიონში ყველაზე მსხვილი სპორტული მაუწყებლისა და ყველაზე პოპულარული კლუბის პარტნიორობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა სწორ საქმიან ურთიერთობებსა და წარმატებულ პროექტში გარდავსახოთ.
 
სამომავლოდ, Setanta Sports-ი თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის არაერთ ათლეტთან და სპორტულ ორგანიზაციასთან დაიწყებს. ამ მიმართულებით, კომპანია საერთაშორისო პარტნიორებთან და სპორტსმენებთან ერთად, გულშემატკივარს არაერთ საინტერესო სიახლესა და აქტივობას შესთავაზებს."- ამბობს Setanta Sports-ის სპორტის მიმართულების დირექტორი ჯუბა გრიგოლია.
 
დედაქალაქური კლუბის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების გარდა, Setanta Sports-ის ეთერში სხვადასხვა ტიპის კონტენტი მოხვდება, რომელიც დინამო თბილისის მედიაჯგუფისა და Setanta Sports-ის მიერ მომზადდება.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024