• Geo
  • Eng
10.05.2022
დინამო-2 წინ მიიწევს

დღეს ეროვნული ლიგა 3-ის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ხობის კოლხეთს უმასპინძლა. შეხვედრა თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართა.

 

მატჩი სტუმრებმა ომახიანად დაიწყეს. მე-8 წუთზე გოგი ფიფიამ ანგარიში გახსნა, რასაც ირაკლი ჭანკვეტაძემ 27-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი მიამატა. დედაქალაქელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა შეტევებს უმატეს და ტაიმი ფრედ დაამთავრეს. ჯერ ირაკლი იაკობიძემ შეამცირა ანგარიში, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ჯადული იობაშვილმა მეორე გოლი გაუტანა ხობელებს. მეორე ტაიმში დინამოელებმა კიდევ ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ნიკოლოზ უგრეხელიძემ 64-ე წუთზე აიღო კოლხეთის კარი, მატჩის ბოლოს კი ნიკა სიხარულაშვილმა საბოლოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 5 მატჩიდან 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, ჩამორჩება რა ლიდერებს ორი ქულით. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს ერთი მატჩი მარაგში აქვთ და დღეისათვის ფოთის კოლხეთთან ერთად ლიგაში დაუმარცხებლები არიან. მომდევნო მატჩს თბილისელები 17 მაისს ტყიბულში ადგილობრივ მეშახტესთან გამართავენ.

 

ფოტოამბავი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024