დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე, დინამო არენაზე, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 11 აგვისტოს შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.
ჩვენი მეტოქე
ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება. ამავე სეზონში ზესტაფონის საუკეთესო ბომბარდირი 20 გატანილი გოლით ჯაბა დვალი გახდა, რომელიც ამჟამად ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს.
მწვრთნელი და ზესტაფონი
გასული სეზონის დასრულებისთანავე ზესტაფონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მყოფი კახა კაჭარავა 53 წლის სერბმა სპეციალისტმა, რატკო დოსტონიჩმა ჩაანაცვლა. ზესტაფონელთა თავკაცი სხვა და სხვა დროს სერბულ ცრვენა ზვეზდას, ბეოგრადს, ბეზანიასა და სრემსკა მიტროვიცას, ბერძნულ ვერიასა და დიაგორას, მაკედონიურ ვარდარსა და ბულგარულ ლევსკის სოფიას წვრთნიდა. რატკო დოსტონიჩის ხელმძღვანელობით ზესტაფონმა დღემდე 4 მატჩი გამართა. თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარგველებმა თურქმენეთის ორ გუნდს სძლიეს – ალთინ ასირს 3:0 მოუგეს, ბალკანი კი მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს. თურქულ ადანასპორთან და მანისასპორთან გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 ითამაშეს. ხვალ, დინამო არენაზე ზესტაფონელთა ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი ოფიციალური მატჩი შედგება.
დინამოდან – დინამომდე
ზესტაფონმა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი დინამოსთან შეხვედრით დაასრულა. დინამო არენაზე გამართული მატჩში ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე ჩაამთავრა, დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა იმერული კლუბი დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხა. მას შემდეგ ზესტაფონმა 4 სპარინგი თურქულ შეკრებაზე ჩაატარა: ზესტაფონი 3:0 ალთინ ასირი (თურქმენეთი), ზესტაფონი 1:0 ბალკანი (თურქმენეთი), ზესტაფონი 0:0 ადანასპორი (თურქეთი), ზესტაფონი 0:0 მანისასპორი (თურქეთი).
დინამო VS ზესტაფონი
დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 29–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 15 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შემთხვევაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 41:26–ზე არის. დინამო არენაზე გამართული უკანასკნელი დაპირისპირება კი ჩვენი გუნდის გამარჰვებით – 6:1 დასრულდა. დინამოელთაგან აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულეს ჩისკო მუნიოსმა და პეტერ გრაიციარმა, თითო გატანილი გოლით გამოირჩნენ ჯაბა დვალი და უსტარიცი.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის ესპანელი მცველი – უსტარიცი დააკლდება, რომელმაც საქართველოს თასის ფინალურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ზესტაფონელთა რიგებში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ არიან.
დინამო VS ზესტაფონი – მსაჯი
დინამო თბილისისა და ზესტაფონის ხვალინდელ დაპირისპირებას გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. ბერულავა და ლ. თოდრია გაუწევენ. მასვე დაეხმარებიან ა. ნონიკაშვილი და ჯ. ხორავა. მეოთხე მსაჯი კი ბ. ნინუა იქნება. უკანასკნელ პერიოდში გიორგი ვადაჭკორია დინამოსა და ზესტაფონის დაპირისპირებას მერვედ განსჯის. აქამდე მისი განსჯილი დინამო – ზესტაფონი 3–ჯერ ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ამდენჯერვე მოიგო ზესტაფონმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
კვასხვაძე – კანდელაკი, ტერზიჩი, კაჭკაჭიშვილი, თედორე გრიგალაშვილი – კუტალია, შარიქაძე, ენდელაძე, ჭანკოტაძე – რეკრუკი, ადამია