• Geo
  • Eng
05.04.2022
ურთიერთშეხვედრები გორელებთან

6 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა დინამო არენაზე შედგება, ჩვენი გუნდი გორის დილას უმასპინძლეს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

 

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას. 

 

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 73- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 50 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 9 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 175/45 არის.
 
 
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0). ბოლოს ეს გუნდები გორში 6 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი მასპინძლებმა 1-0 მოიგეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024