17 აგვისტოს დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. 17 აგვისტოს დინამოს 13 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული (11 საბჭოთა კავშირის პირველობაზე, 2 კი ეროვნულ ასპარეზზე) საიდანაც ჩვენმა გუნდმა 5 შეხვედრა მოიგო, 5 შემთხვევაში ფრედ ითამაშა და 3 თამაშში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 25:15 არის.
17 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1940 წელს გამართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა გასვლითი მატჩი მოსკოვში, ადგილობრივ ტორპედოსთან გამართეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 3:2 სძლიეს. მოსკოვური გუნდის კარში გოლები მიხეილ ბერძენიშვილმა, ვიქტორ ბერეჟნოიმ და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს.
ცხრა წლის შემდეგ, 1949 წლის 17 აგვისტოს დინამომ გასვლითი მატჩი მოსკოვში, ადგილობრივი თანაკლუბელების წინააღმდეგ გამართა და 1:4 დამარცხდა. მეტოქის კარში გოლი ნიკოლოზ თოდრიამ გაიტანა.
1952 წლის 17 აგვისტოს დინამომ ნეიტრალურ მოედანზე მინსკის დინამო სამი ბურთის სხვაობით – 4:1 დაამარცხა. მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა ავთანდილ ჭკუასელმა, ერთი კი იური ვარდიმიადმა.
1966 წლის 17 აგვისტოს დინამომ დონის როსტოვის სკა–ს უმასპინძლა და მეტოქეს 3:1 მოუგო. დუბლი შეასრულა შოთა იამანიძემ, ერთი გოლი კი ნომალ მაისურაძის ანგარიშზეა.
1970 წლის 17 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში გასვლითი მატჩი პახტაკორის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. მეტოქის კარში გოლი გივი ნოდიამ გაიტანა.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ თბილისელმა ფეხბურთელებმა სტუმრად ბაქოს ნეფჩი 2:0 დაამარცხა. აზერბაიჯანელთა კარში ორივე გოლი ფირუზ რეხვიაშვილმა გაიტანა.
1975 წლის 17 აგვისტოს დინამომ და დონის როსტოვის სკა–მ თბილისში ფრედ – 1:1 ითამაშეს. თბილისელთაგან გოლი ზურაბ წერეთელმა გაიტანა.
1977 წლის 17 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა მოსკოვის ცსკა–ს უმასპინძლა. მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. ცსკა–ს კარში თითო გოლი ვიტალი დარასელიამ და დავით ყიფიანმა გაიტანეს.
1979 წლის 17 აგვისტოს დინამო დონის როსტოვის სკა–ს ესტუმრა. დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. დინამოელთაგან გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა.
1980 წლის 17 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა გასვლითი მატჩი კიევში, ადგილობრივ დინამოსთან გამართა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.
1988 წლის 17 აგვისტოს თბილისელმა ფეხბურთელებმა მოსკოვში, ადგილობრივი თანაკლუბელების წინააღმდეგ ითამაშეს. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.
ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა 17 აგვისტოს პირველად 1990 წელს ითამაშეს. საქართველოს პირველი ჩემპიონატის XX ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ლიახვს დაუპირისპირდა და მეტოქეს 7:0 მოუგო. მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა ზაზა რევიშვილმა, დუბლი შეასრულა გია ჯიშკარიანმა, თითო გატანილი გოლით გამოირჩნენ მიხეილ ყაველაშვილი და როინ კერძევაძე.
ჩვენმა გუნდმა ოფიციალური მატჩი 17 აგვისტოს უკანასკნელად 2003 წელს გამართა. XIV ჩემპიონატის IV ტურის შეხვედრაში დინამო ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.