ხვალ 21 მაისს დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქე აღნიშნულ ფინალურ დაპირისპირებაში საჩხერის ჩიხურა იქნება.
ეს ჩვენი გუნდისთვის მეცამეტე ფინალი იქნება. ადრე ჩატარებული თორმეტი გადამწყვეტი მატჩიდან დინამომ ათი მოიგო და ორში დამარცხდა. თორმეტი ფინალიდან ხუთჯერ ჩვენი მეტოქე ბათუმის დინამო გახლდათ. მათთან თამაშში დაფიქსირდა ყველაზე დიდი დასწრება. 1996 წელს ჩატარებულ შეხვედრას, 30 000 მაყურებელი დაესწრო. ყველაზე მეტი, ორ-ორი გოლი დინამოელთაგან ფინალში რევაზ არველაძემ (ერთ მატჩში), შოთა არველაძემ, გიორგი დემეტრაძემ და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 1993 წელს ჩატარებულ ფინალში, რომელშიც დინამომ ბათუმელ სეხნიებს 4-2 აჯობა, ოთხივე გოლი ძმებ არველაძეების ანგარიშზეა. ორი გოლი რევაზმა გაიტანა, თითოც შოთამ და აჩიმ. დღეს დინამოში მოთამაშეთაგან გიორგი მერებაშვილსა და ირაკლი ძარიას აქვთ ფინალურ შეხვედრაში გოლი გატანილი.
ჩვენს მომავალ მეტოქეს მტკვრისპირელები შარშანაც დაუპირისპირდნენ გადამწყვეტ შეხვედრაში. დინამომ მეტოქე 3:1 დაამარცხა.
სულ დინამო თბილისს საქართველოს თასზე 144 მატჩი აქვს გამართული. აქედან 95 ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 25 შეხვედრაში ყაიმი დაფიქსირდა და 24- ჯერ ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსია 363/99. ყველაზე დიდი ანგარიშით კი დინამომ 1993 წელს წყალტუბოს სამგურალთან იმარჯვა, როცა მეტოქეს 11 უპასუხო გოლი გაუტანა.