• Geo
  • Eng
09.07.2024
ილია სპასოევიჩი - დინამოსთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს

11 ივლისს დინამო თბილისი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ჩაატარებს. დინამოელებს მეტოქეობას საფეხბურთო კლუბი მორნარ ბარი გაუწევს.

 

ჩვენი გვერდი ყოფილ დინამოელს, მონტენეგროს ახალგაზრდული ნაკრების და ინდონეზიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს, 36 წლის ილია სპასოევიჩს დაუკავშირდა. ილია სპასოევიჩი კარგად ემახსოვრება დინამოს გულშემატკივარს. მონტენეგროელი ფეხბურთელი დედაქალაქური გუნდის ღირსებას 2007-2009 წლებში იცავდა. ეროვნულ ჩემპიონატში ილიამ დინამოს ფორმით 57 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სპასოევიჩმა დინამოსთან ერთად მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, აღმართა თასი და გახდა სუპერთასის გამარჯვებული. ილია ქალაქ ბარშია დაბადებული, სწორედ იმ ქალაქში, რომელსაც ჩვენი მომავალი მეტოქე მორნარი წარმოადგენს.

 

 

 

ილია მოგესალმებით დინამოდან. პირველ რიგში გვითხარი, როგორ მიდის შენი პროფესიული კარიერა და რა გეგმებით ხვდები ახალ სეზონს.

 

  • მადლობა დინამოს მოკითხვისთვის. ცოტახნის წინ დავასრულეთ საფეხბურთო სეზონი ინდონეზიაში. ბოლო ჩემპიონატში ბალი იუნაიტედის ღირსებას ვიცავდი, ამ გუნდთან ერთად კი ინდონეზიის ჩემპიონატი ორჯერ მოვიგე. ამ მომენტისთვის ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას, ვფიქრობ გადაწყვეტილებას ახლო მომავალში მივიღებ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გავიდა. რას გვეტყვი ჩვენი ნაკრების შესახებ. ნაკრების, რომელშიც შენი თანაგუნდელები გურამ კაშია და გიორგი ლორია ასპარეზობენ. ასევე იმ არაერთ ფეხბურთელზე, რომლებიც დინამოს აკადემიის აღზრდილები არიან, რაც ჩვენი კლუბის სიამაყეს აორმაგებს.

 

  • ძალიან ბედნიერი ვიყავი საქართველოს ნაკრების ხილვით ევროპის ჩემპიონატზე. ნაკრებმა პლეი ოფს უწია და ეს შესანიშნავი შედეგია. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დინამოს აკადემიის გაზრდილია, რაც ამ წლების მანძილზე აკადემიის შესანიშნავ მუშაობაზე მეტყველებს. განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი ჩემი ძველი მეგობრების - გურამის და გიორგის ნახვით. დინამოში თამაშის დროს ისინი, როგორც საკუთარ ძმას ისე მეპყრობოდნენ და ამას არასდროს დავივიწყებ.

მოგვიყევი იმ პერიოდზე, როცა თავად თამაშობდი დინამო თბილისის შემადგენლობაში

 

  • შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს ამ დიდ გუნდთან. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და პირველად მომიწია სამშობლოს საზღვრებს გარეთ ცხოვრება. ნამდვილად რთულია ახალგაზრდულ ასაკში სახლის დატოვება და სხვა ქვეყანაში გადასვლა, თუმცა ჩემმა საუკეთესო თანაგუნდელებმა სწრაფ ადაპტაციაში შემიწყვეს ხელი და თბილისი მალევე გახდა ჩემთვის მეორე სახლი. დღემდე ყველაფერი კარგად მახსოვს - ჩემპიონატში გამარჯვება, თასის და სუპერთასის მოგება, ევროთასებზე ისეთ ძლიერ გუნდებთან თამაში, როგორიც პანათინაიკოსი და ვენის რაპიდია. მართლა შესანიშნავი მოგონებები მაქვს, რომლებიც ბოლომდე გამყვება. ვფიქრობ ახლო მომავალში თბილისს ვესტუმრები და მოგონებებს გავაცოცხლებ.  

რამდენიმე დღეში დინამო თბილისი კონფერენციის ლიგის პირველ ეტაპზე მორნარს დაუპირისპირდება. გვითხარი შენი აზრი ამ გუნდზე და შანსებზე.

 

  • გამიხარდა მორნარის ნახვა დიდ სცენაზე, ეს კლუბი ხომ ჩემი მშობლიური ქალაქიდანაა. ბოლო პერიოდში მორნარი მოძლიერდა და მონტენეგროს ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. დასრულებული ჩემპიონატი და მორნარის შედეგებიც ამაზე მეტყველებს, თუმცა ამ გუნდს ევროთასზე ასპარეზობის გამოცდილება არ გააჩნია და დუელში რათქმაუნდა დინამო ფავორიტია. დარწმუნებული ვარ საინტერესო პაექრობა იქნება.
  • ჩემი მხრიდან კი მინდა დინამო თბილისის გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოკითხვა გავუგზავნო. დიდი მადლობა (ეს ფრაზა ქართულად მოგვწერა) ფანებს ყოველთვის გვერდში დგომისთვის. არასდროს დავივიწყებ მათ და იმ ერთად გატარებულ პერიოდს. წარმატებას გისურვებთ.

 

 

 

ირაკლი ბუხალი

9.07.2024

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024