• Geo
  • Eng
22.08.2013
მწვრთნელებმა დინამო – ტოტენჰემი შეაფასეს

დინამო არენაზე გამართული ევროპის ლიგის ფლეი–ოფის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.

 

ანდრე ვილაშ–ბოაში – დღეს, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ ეს იმან განაპირობა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა მეტოქისგან განსხვავებით მაქსიმალურად გამოიყენეს მომენტები. კმაყოფილი ვარ როგორც გუნდის ასპარეზობით, ასევე ფეხბურთელთა ინდივიდუალური თამაშით. ადრეც აღვნიშნე და დინამოდან ახლაც გამოვყოფ ჩისკოს, რომელსაც ტრავმის გამო მოედნის დატოვება ძალიან ადრე მოუწია. ასევე გამოვყოფდი გიორგი მერებაშვილის თამაშს. მიმაჩნია, რომ ამ გუნდს აქვს პოტენციალი, რომ მომავალში მაღალ დონეზე ითამაშოს. რამდენიმე მათგანს აქვს ის ინდივიდუალური მონაცემები, რომ იგივე კახა კალაძის მსგავსი კარიერა მოიწყოს. აღსანიშნავია დინამოს ფეხბურთელების პროფესიონალიზმი, რაც მათ მონდომებასა და თავდადებაში გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დიდი ანგარიშით მარცხდებოდა – მათ თავი არ დაუზოგავთ და ბოლომდე დაიხარჯნენ.

 

დუშან უჰრინი –  ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ინდივიდუალურად ბევრი შეცდომა დავუშვით და პირველი სამი გოლიც სწორედ ამას მოჰყვა. ყველამ კარგად დაინახა, რომ ოპონენტის სიძლიერის მიუხედავად, გუნდი ძალიან ცდილობდა... დღეს სხვა კატეგორიის ჩემპიონატის წარმომადგენელს ვეთამაშეთ და სხვა სირთულეებს გადავაწყდით. ერთი გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ მატჩებში ჩემი ფეხბურთელები კიდევ უფრო აიმაღლებენ სათამაშო კლასს, რაც სამომავლოდ გამოგვადგება. ფაქტია, ასეთი შეხვედრები გვჭირდება, რათა კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024