23 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ჩვენი გუნდს ათწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გაგრა უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას.
აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ჩემპონატში 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დინამოს უპირატესობა შვიდი მოგებული თამაშით გამოიხატება, ერთი შეხვედრა ფრედ მორჩა და მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 17-4 დინამოს სასარგებლოდ.
ერთადერთი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2–1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ბოლო მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2012 წლის 8 მარტს გაიმართა და ის შეხვედრა დინამომ გიორგი მერებაშვილის დუბლით 2-1 მოიგო.
ბოლოს დინამო და გაგრა 2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს სუპერთასზე გადაიკვეთნენ. მიხეილ მესხის სტადიონზე ძირითადი დრო 2-2 დასრულდა (გოლები ზორან მარუშიჩმა და გიორგი გაბედავამ გაიტანეს), პენალტების სერიაში კი დედაქალაქელებმა იმარჯვეს და მერვედ აღმართეს სლავა მეტრეველის სახელობის საქართვეოს სუპერთასი.