დინამო არენზე გამართული დინამო 3:0 ზუგდიდის დასრულების შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
კობა წიტაიშვილი – პირველ რიგში დინამოს მივულოცავ გამარჯვებას. ყველამ ვიცით დინამოს ისტორია და ტრადიციულად მიმდინარე ჩემპიონატშიც გათამაშების ერთ–ერთი ფავორიტი დინამო არის. ვიდრე ჩემი გუნდის თამაშზე ვიტყოდი, ჩემ ფეხბურთელებს მადლობას გადავუხდი ბრძოლისა და მონდომებისთვის. რაც შეეხება თამაშს, ვიტყოდი, რომ ის შეცდომები, რომლებიც ჩემმა ფეხბურთელებმა დაუშვეს ძირითადად დაღლილობამ განაპირობა. გუნდს მოსამზადებელი შეკრება არ გაუვლია და ძნელია ასე ასპარეზობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, სამეგრელოში ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ. ვიმუშავებთ, ვიშრომებთ და იმედი მაქვს მალე კარგი გუნდი გავხდებით.
დუშან უჰრინი – მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ იოლი მატჩი არ გვქონია. ტოტენჰემთან და გურიასთან წაგებული შეხვედრების შემდეგ დღევანდელი შეხვედრის მოგება ძალიან გვჭიროდებოდა. ამ მატჩის მოგება აუცილებელი იყო, რათა გუნდს საკუთარი თავის რწმენა დაებრუნებინა. კარგია, რომ დღევანდელი თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულეთ.