ვარჯიშის წინ ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტების შეკითხვებს დინამოელმა გიორგი კახელიშვილმაც უპასუხა.
ალექს გარსია – მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფორა გვაქვს, ხვალ ძალიან მძიმე თამაში გველის. ევროსარბიელზე სენსაციები ხშირია. დამატებითი სატკივარია მოედნის უვარგისი საფარი. 4 აგვისტოს, შემდეგ 7-შიც, აქ გვიწევს თამაში. მეორე ტურის მატჩიც აქ გაიმართება და ფლეი-ოფის მატჩიც. მოედნის საფარი კი ძალიან უხარისხოა, აქ ჩვენი თამაშის ჩვენება ძალინ გაგვიჭირდება. ხმალაძეს და კაშიას ისევ ტრავმები აწუხებთ, კაკუბავა კი შესაძლოა ძირითადშიც იყოს. დინამოელთა მწვრთნელმა ვაჟის შეძენა მიულოცა გიორგი კახელიშვილს. მილოცვას მას-მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
გიორგი კახელიშვილი – მართალია დიდი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ადვილი თამაში არ იქნება, ვინაიდან რეიკიავიკი ძლიერი გუნდია. თუმცა ჩვენ გუნდი უფრო ძლიერია.