• Geo
  • Eng
17.09.2013
დინამო VS სპარტაკი – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის გადადებულ შეხვედრას საკუთარ მოედანზე, დინამო არენაზე, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. 17 სექტემბერს შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

 

ჩვენი მეტოქე

ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს შეიქმნა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. ცხინვალის კლუბი, რომელიც სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე, ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს, სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს  1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან კი გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალის სპარტაკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2009-10 წლების სეზონი გამოდგა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა.

სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ცხინვალის სპარტაკმა მიმდინარე სეზონის საშინაო შეხვედრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.

 

მწვრთნელი და სპარტაკი

ცხინვალის სპარტაკის მთავარი მწვრთნელი 2011 წლის შემდეგ ვლადიმერ ხაჩიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდა. გასულ სეზონში გუნდი პირველი ლიგის B ზონაში ასპარეზობდა. ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილმა სპარტაკმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში 25 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო და შესაბამისად მოპოვებული 77 ქულით გუნდმა პირველი პოზიცია დაიკავა, უახლოეს მდევარს – თბილისის ლოკომოტივს კი 14 ქულით აჯობა.

 

დინამომდე...

მიმდინარე სეზონში ცხინვალის სპარტაკმა 6 ოფიციალური შეხვედრა (4 უმაღლეს ლიგაში და 2 საქართველოს თასზე) გამართა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებული ოთხი მატჩიდან სპარტაკი ოთხივე შეხვედრაში (მერანი 2:1 სპარტაკი, სპარტაკი 0:2 სიონი, სპარტაკი 1:0 ტორპედო, მეტალურგი 1:0 სპარტაკი) დამარცხდა. ბურთების შეფარდების მაჩვენებელი მეტოქეთა სასარგებლოდ 1:6–ზე არის. უმაღლეს ლიგაში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე ხუთი ტურის შემდეგ სპარტაკი გათამაშების ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება. ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე უფრო დამაჯერებლად ასპარეზობს. თასის პირველ ეტაპზე სპარტაკმა ჭიათურას შინ 4:1 სძლია, სტუმრად კი 3:2 მოუგო.

 

დინამო VS სპარტაკი

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და სპარტაკი ერთმანეთს 17–ჯერ დაუპირისპირდნენ 12 მოგება, 4 ფრე და  1 მარცხი. 35 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 10 გოლი – ასეთია დედაქალქელთა მონაგარი.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო 17 სექტემბრის მატჩს დინამოელთაგან ფეხბურთელები არ დააკლდებიან. ანალოგიური სიტუაციაა მეტოქე გუნდის, სპარტაკის ბანაკშიც, თუმცა ცხინვალელები დინამოდან განათხოვრებულ მოთამაშეებს მოისაკლისებენ.

 

დინამო VS სპარტაკი – მსაჯი

დინამო თბილისის და სპარტაკის დაპირისიპირებას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს.

 

სპარტაკის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ნადირაძე – კილასონია, ჭაფოძე, მგელაძე, ხიზანეიშვილი – ბურდენაძე, შონია, თუხარელი, ქემუხტაშვილი – ფანცხავა, მეტრეველი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024