21 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის VI ტურის შეხვედრას სტუმრად გამართავს. დედაქალაქელები მცხეთში ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდებიან. 21 სექტემბერს დინამოს ისტორიაში 10 ოფიციალური შეხვედრა (3 ეროვნულ ჩემპიონატში, 7 სსრკ პირველობაზე) აქვს გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 6 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 მატჩი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 3 თამაშში კი მეტოქემ მოიგო.
ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისმა 21 სექტემბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წელს გამართა. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდა და მეტოქეს 2:0 სძლია. მეტალურგთა კარში გოლები როინ კერძევაძემ და გოჩა ჯამარაულმა გაიტანეს.
2008 წლის 21 სექტემბერს დინამომ ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლა. დინამო არენაზე გამართული მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით – 4:1 დასრულდა. სპარტაკის კარში გოლები ოლეგ გველესიანმა, მათე ვაწაძემ, გიორგი მერებაშვილმა და ილია სპასოევიჩმა გაიტანეს.
2011 წლის 21 სექტემბერს დინამო სტუმრად, ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. ქუთაისელთა კარში გოლი ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაიტანა.
სსრკ პირველობაზე 21 სექტემბერს ჩვენმა გუნდმ პირველად 1938 წელს იასპარეზა. ჩვენმა გუნდმა ხარკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მეტოეს 7:1 მოუგო. უკრაინული გუნდის კარში სამი გოლი გაიტანა ბორის პაიჭაძემ, თითო გოლი გაიტანეს მიხეილ ბერძენიშვილმა, ალექსანდრე მინაევმა, ლუარსაბ ლოლაძემ გაიტანეს, ერთი ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა – ხარლამოვმა, საკუთარ კარში ჩაჭრა.
1948 წლის 21 სექტემბერს დინამო ვოლგოგრადს სტუმრად დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა გუნდმა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 იათამაშა.
1956 წლის 21 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა სტუმრად, სვერდლოვსკის ოდოსთან 2:4 წააგო. მეტოქის კარში ერთი გოლი შოთა იამანიძემ გაიტანა, ერთი ბურთი კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა – დუბინსკიმ, საკუთარ კარში ჩაჭრა.
1958 წლის 21 სექტემბერს დინამომ სტალინოს (დონეცკის) შახტარს უმასპინძლა და მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 2:0 სძლია. უკრაინული გუნდის კარში გოლები გივი ჩოხელმა და შოთა იამანიძემ გაიტანეს.
1975 წლის 21 სექტემბერს დინამომ ვოროშლიოვგრადის (ლუგანსკის) ზარიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით – 2:3 დამარცხდა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით ვახტანგ ქორიძე და დავით ყიფიანი გამოირჩნენ.
1980 წლის 21 სექტემბერს თბილისში ერთმანეთს დინამო და ლვოვის კარპატი დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 2:0 სძლია. გოლები რამაზ შენგელიამ და დავით ყიფიანმა გაიტანეს.
1987 წლის 21 სექტემბერს დინამომ ბაქოს ნეფთჩის უმასპინძლა. თბილისში გამართული მატჩი დინამოს გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. აზერბაიჯანული გუნდის კარში გოლები გია გურულმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს.