• Geo
  • Eng
04.01.2012
თბილისის დინამო? ასეთი რამ არ გვენახა

ეს ლონდონის ვესტ ჰემის ყოფილი მცველის, ელვინ მარტინის სიტყვებია. მიხვდებოდით, საუბარია 1981 წელს თასების თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩზე, რომელიც ნოდარ ახალკაცის გუნდმა ეპტონ პარკზე 4:1 მოიგო და მეორე შეხვედრა ფორმალობად აქცია.
ელვინ მარტინმა დინამოსთან ორივე მატჩში ითამაშა, იმ დროს 22 წლის იყო და სწორედ 1981-ში ჰქონდა დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. მარტინს ნაკრებში 17 მატჩი ჩაუტარებია (1981-1986 წლებში) და ვესტ ჰემის ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელი გახლდათ – ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია და სხვაგან არც უთამაშია, 18 წელი შეალია საყვარელ კლუბს.
1981 წლის 4 მარტი: ვარსკვლავურმა დინამომ ეპტონ პარკზე გააოცა მასპინძლები, რომლებიც იმხანად ინგლისის რანგით მეორე ლიგაში კი იყვნენ, მაგრამ თითქმის უკვე განაღდებული ჰქონდათ უმაღლესის საგზური და თანაც, 10 თვის განმავლობაში შინ მარცხი არ განეცადათ. ამასთან, ჯონ ლაიოლის გაწვრთნილ გუნდს ცნობილი ფეხბურთელები ჰყავდა – ჯერ მარტო ტრევორ ბრუკინგი რად ღირს. პლუს, ვესტ ჰემში თამაშობდა ფრენკ ლამპარდი - ჩელსის ვარსკვლავის მამა.
ელვინ მარტინმა ბრიტანულ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის დინამოსდარი გუნდი მანამდე არ ენახა და ეს რაღაც კოშმარული სიახლე იყო...
ორი კითხვა-პასუხი ინტერვიუდან:
- 1980 წელს ინგლისის თასი მოიგეთ, ფინალში არსენალს  სძლიეთ. საკვირველია, რომ 1980-1981 წლების სეზონი რანგით მეორე ლიგაში გაატარეთ.
- იმ დროს ნებისმიერი გუნდის დასამარცხებლად მზად ვიყავით. ვიცოდით, რა ძალას წარმოვადგენდით. ჯონ ლაიოლმა კარგი ფეხბურთელები შეკრიბა: რეი სტიუარტი, ალან დევონშირი, მეც მალე შევეჩვიე გუნდს და კარგად ავთამაშდი. პლუს, ტრევორ ბრუკინგი უმარლესი კლასის ფეხბურთელი იყო, გვყავდა ფრენკ ლამპარდი. არ დამავიწყდება არსენალთან ფინალი, მეტოქეს ვჯობდით და საბოლოოდ, ვიმსახურებდით თასის აღებას (1:0 მოიგო ვესტ ჰემმა – ი.ნ.).
- თასების თასზეც თავიდან კარგად დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ თბილისის დინამოს ეთამაშეთ. ეს ყველაზე რთული მატჩი იყო, რაც კი ჩაგიტარებიათ?
- დიახ. ჩვენ მრისხანე ძალა ვიყავით, 10 თვის განმავლობაში ეპტონ პარკზე წაგება არ გვქონდა. და უცებ, ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც თავის ჩემპიონატში შესვენება ჰქონდა და წესით, ფორმაში არ უნდა ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში, მაგრამ... მათ ნახევარდაცვაში ჰყავდათ დავით ყიფიანი, ხოლო დაცვაში ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც კაპიტანი გახლდათ. წინ რამაზ შენგელია თამაშობდა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ერთმანეთს ვეუბნებოდით: ჰეი, ჰეი, რა ხდება აქ? მათ პირწმინდად გვაჯობეს და საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარეს. 1:4 წავაგეთ. გასახდელში ჩუმად ვისხედით და მომხდარის არ გვჯეროდა, შოკირებულები ვიყავით. საპასუხო შეხვედრაში 1:0 მოვიგეთ, მაგრამ ამან მხოლოდ მიამიტური თვითკმაყოფილება მოგვიტანა. არა, დინამო სულ სხვა, ჩვენთვის უცხო დონე იყო. მსგავსი არ გვენახა.

ვესტ ჰემი-დინამო 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 ჩივაძე (25), 0:2 გუცაევი (32), 1:2 კროსი (54), 1:3, 1:4 შენგელია (55, 67).
რა შეხსენება გინდათ, ვესტ ჰემთან სპექტაკლის შემდეგ, დინამომ ნახევარფინალში როტერდამის ფეიენოორდის ბარიერი გადალახა (3:0, 0:2), ხოლო ფინალში იენის კარლ ცაისს 2:1 სძლია და თასების თასი ჩაიხუტა.

ილია ნანობაშვილი

მსოფლიო სპორტი 04.01.2012


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024