• Geo
  • Eng
17.02.2012
ალექსანდრე კოშკაძე – ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასია

რუსთავის მეტალურგთან მოახლოებული პრინციპული თამაშის წინ, ჩვენი გუნდის კაპიტანს, ალექსანდრე კოშკაძეს, დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ალექსანდრე კოშკაძე – მიმდინარე წელს პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში სერიოზულ გუნდს დავუპირისპირდებით. მეტალურგისგან გვახსოვს წყენა და ვეცდებით საკადრისი პასუხი მათსავე მოედანზე გავცეთ. გუნდში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, ალექს გარსიას ხელძღვანელობით სხვა ფეხბურთს ვთამაშობდით, ახლა კი გიორგი დევდარიანის საფეხბურთო ფილოსოფიის გაზიარება მოგვიწევს და თუ კი ზედმიწევნით შევასრულებთ გიორგი დევდარიანის მითითებებს, მეტალურგს ორბურთიანი სხვაობით დავამარცხებთ. გიორგი დევდარიანთან მუშაობისთვის მეტი დრო, რომ გვქონოდა, ბევრად უფრო მომზადებულნი შევხვდებოდით ჩემპიონატის მეორე ნახევრის სტარტს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რუსთავში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. სატურნირო ცხრილში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და დროა დინამომ მისთვის ჩვეული ფეხბურთის თამაში დაიწყოს. მეტალურგის რიგებიდან დიმიტრი ტატანაშვილს გამოვარჩევდი, მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა მე ჩვენი მცველების მეიმედება და ვგონებ, მის შეჩერებას უპრობლემოდ მოახერხებენ. ჩვენი შეხვედრა რუსთავში ფოლადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება. მართალია ამ მატჩისთვის ჩვენც ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვემზადებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტორი თამაშში თავისებურ კორექტივებს მაინც შეიტანს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024