• Geo
  • Eng
27.09.2013
დინამო თბილისი VS მერანი მარტვილი – ურთიერთშეხვედრები

29 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე გამართავს. დინამო თბილისის მეტოქე მარტვილის მერანს იქნება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

 

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 6–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა ექვსი თამაშიდან 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 15:7 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

 

დედაქალაქელებმა მარტვილის მერანი 2012 წლის 20 ოქტომბერს დაამარცხეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მერანს სტუმრად 4:0 მოუგო. აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა მიკელ ალვარომ, თითო გოლი კი ჩისკო მუნიოსისა და ჯაბა დვალის ანგარიშზეა.

 

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება გასულ წელს დინამო არენაზე გაიმართა. 2012 წლის 19 დეკემბერს დინამო არენაზე თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხეს. თბილისელთაგან გატანილი გოლებით ჩისკო მუნიოსი, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი გამოირჩნენ.

 

დინამოელთაგან მარტვილელთა კარში ყველაზე მეტი გოლი ჩისკო მუნიოსს აქვს გატანილი. ჩვენი გუნდის ესპანელმა ლეგიონერს მერანის წინააღმდეგ 5 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 3 შემთხვევაში მარტვილელთა კარი თითოჯერ დალაშქრა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024