საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. 6 ოქტომბერს მატჩი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე 15:00 საათზე გაიმართება.
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 49 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 41 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 123:22–ზე არის.
დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 41 გამარჯვებიდან მეტოქე 14 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2012 წლის 8 დეკემბერს შედგა. ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული სიონი – დინამო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ბოლნისელთა კარში ორი გოლი შეაგდო ჩისკო მუნიოსმა, თითო გოლი კი გივი კვარაცხელიას, ჯაბა დვალის და ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.