დღეს დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბების შესახებ სამუშაო შეხვედრა სამი საათი გაგრძელდა. მსჯელობის დასრულების შემდეგ ჩვენი კლუბის პრეზიდენტი და შეხვედრის სხვა მონაწილეები მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რომან ფიფია - საფეხბურთო ლიგის შექმნის გადაწყვეტილება მიღებულია. 18 ივნისს ოფიციალური რეგისტრაცია მოხდება. ამ პერიოდში კლუბების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება და ყველა დეტალზე საბოლოოდ შევთანხმდებით. ჩემპიონატი 11 აგვისტოს აიღებს სტარტს. პირველ ეტაპზე 12 გუნდი ორ წრედ, 22 შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო შემდეგ გუნდები ორ ექვსეულად დაიყოფიან და 10 ტურს ითამაშებენ. პრემიერლიგის პრეზიდენტის კანდიდატები ამ ეტაპზე ორნი არიან, ვლადიმერ გუცაევი და გია ფირცხალავა, რომელსაც ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია, თუმცა შესაძლოა კანდიდატთა რიცხვი გაიზარდოს. ჩვენი მთავარი სურვილი, მიზანი და ამოცანაა ჩემპიონატი გამჭირვალედ და სუფთად ჩატარდეს.