• Geo
  • Eng
24.06.2012
დინამო ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

დინამო დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ვარჯიშის წინ კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა რომან ფიფიამ გუნდს მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი წარუდგინა. ჩვენი გუნდის რიგებში პირველი ვარჯიში ჩაატარეს ახალწვეულებმა, გიორგი სეთურიძემ და თორნიკე თარხნიშვილმა. დინამოში სამი უცხოელი მოთამაშე ისინჯება – უგანდის ნაკრების კაპიტანი, ჯოზეფ ნესტროი კიზიტო, ბრაზილიელი ეუდი სილვა და სოუზა, იგივე ეუდისი და მაკედონიელი დარკო გლიშიჩი. ამპლუით მარცხენა მცველი, 29 წლის კიზიტო, 2005–2010 წლებში სერბულ ნოვი სადის  ვოივოდინაში ასპარეზობდა. 2010 წელს მან საფეხბურთო კარიერა ბელგრადის პარტიზანში განაგრძო. 28 წლის ბაზილიელი ეუდისი ატლეტიკო პარანაენსეს აღზრდილია. 2003 წლიდან იგი შვეიცარიულ კლუბებში გამოდის. თავდაპირველად ივერდონში  (2003–2005 წლები), შემდეგ კი 2005–2006 წლების სეზონში ლოზანაში გამოდიოდა.  მომდევნო ორი სეზონი ეუდისმა ციურიხში გაატარა, 2008–2009 წლების სეზონში კი იანგ ბოისის მაისური მოირგო. 2009 წლიდან ეუდისი ჟენევის სერვეტის მოთამაშე ხდება, სადაც  74 შეხვედრაში  33 გოლი გაიტანა. ბოლოს მან თავი 20 მაისს, შვეიცარიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გამოიჩინა, როდესაც მისი  გოლით სერვეტმა ბაზელს 2:1 მოუგო.მარცხენა ფლანგელი, 20 წლის დარკო გლიშიჩი, მაკედონიის 21–წლამდელთა ნაკრების წევრია. მან ბოსნიური ოლიმპიკის, მაკედონიური ვარდარის, სკოპიეს, ნაპრედოკისა და ტეტეკსის რიგებში მოასწრო თამაში. უკანასკნელი სეზონი გლიშიჩმა ნაპრედოკის შემადგენლობაში დაიწყო და 18 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლის გატანაც მოახერხა. სეზონის მეორე ნახევარი კი მან ტეტეკსში გაატარა, სადაც ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024