• Geo
  • Eng
22.06.2012
დუშან უჰრინი თბილისშია

ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, 45 წლის ჩეხი სპეციალისტი – დუშან უჰრინი უმცროსი თბილისშია. მისი ხელმძღვანელობით დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ივნისიდან დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეუდგებიან. შეგახსენებთ, რომ უჰრინი წარმატებით მუშაობდა ჩეხურ და რუმინულ კლუბებში. მან ჩეხეთის გამბრინუს-ლიგიდან გავარდნის პირას მყოფი მლადა ბოლესლავი მომდევნო სეზონში ჩეხეთის ვიცე-ჩემპიონი გახადა. რუმინულმა ტიმოშარას პოლიტექნიკამ მისი ხელმძღვანელობით 2009 წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა და პირველად გააღწია ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. დუშან უჰრინი ტიმოშარას 2011 წელს დაუბრუნდა და გუნდი კვლავ რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დუშან უჰრინი - მოხარული ვარ თბილისში ჩამოსვლით. აქ მშვენიერი გარემო დამხვდა ულამაზესი ბაზით. შემიძლია ავღნიშნო, რომ მლადაში და პოლიტექნიკაში ასეთი პირობები ნამდვილად არ ყოფილა. დინამო თბილისი თავისი ისტორიით და ტრადიციით დიდი გუნდია. ბევრი რამ ამ გუნდის შესახებ მამაჩემისგან ვიცი, ვისი მწვრთნელობის დროსაც დინამომ ჩემპიონობა მოიპოვა. პირველად მოხდა, რომ თბილისელები ევროთასების გარეშე დარჩნენ და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ორ დღეში დავიწყებთ მზადებას და შევაფასებთ ფეხბურთელების მომზადების დონეს. ჩვენი მთავარი მიზანი წარმატებული სეზონის ჩატარებაა და ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024