• Geo
  • Eng
26.06.2012
წარდგენა დინამოს ბაზაზე

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ მასმედიის წარმომადგენლებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, დუშან უჰრინი და ახალი სპორტული დირექტორი, ბუბა ტყავაძე წარუდგინა.

რომან ფიფია – დინამოსთვის მნიშვნელოვანი დღე დადგა. მსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონობაა, ეს არის დინამოს სტანდარტი. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი და ძლიერი მეტოქე გვყავს ზესტაფონის, მეტალურგის, ტორპედოს, დილას, ზუგდიდის გუნდისა, ვიტ ჯორჯიასა სხავათა სახით. მიმაჩნია, რომ დინამო ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს. ჩვენ გუნდის შენებას ვაგრძელებთ, დინამოს მალე ექნება საკუთარი აკადემია, საიდანაც პირველი გუნდი მიიღებს შევსებას. ჩვენი მიზანი საბოლოოდ ქართული ფეხბურთის განვითარებაა, ბუნებრივია ქართული ფეხბურთის აღმავლობა სწორად ახალი თაობის ფეხბურთელებით უნდა დაიწყოს. მე იმედი მაქვს, რომ დუშან უჰრინთან და ბუბა ტყავაძესთან ერთად ჩვენი გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონობას მოიპოვებს.

დუშაბ უჰრინი – დინამო დიდი გუნდია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მდიდარი ისტორიის გუნდში მომიწევს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა. მამაჩემისგან ბევრი მსმენია დინამოზე, მას საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს დინამოში. აქ ჩამოსული გაოცებული დავრჩი ინფრასტრუქტურითა და შექმნილი პირობებით, მე გათავისებული მაქვს, რომ ყველა წარმატების მოლოდინშია. ჩვენგან ყველა შედეგიან ფეხბურთს და ჩემპიონობას მოელის – ამისთვის კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სპორტულ დირექტორთან ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ დარჩება და ვინ დატოვებს გუნდს, ვიმედოვნებ კარგ გუნდს გავაკეთებთ. თბილისი კარგი ქალაქია, საქართველოში შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, გუნდს ლამაზი ბაზა და საშინაო არენა აქვს, იმედი მაქვს ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ.

ბუბა ტყავაძე – მიხარია, რომ ისევ დინამოს ბაზაზე ვხვდებით ერთმანეთს. იცით, რომ ეს ჩემთვის ნაცნობი გარემოა. დღეს მე ვხედავ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, რომ მე კვლავ დინამოსთვის მომიწევს მოღვაწეობა – ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დინამო თბილისი არის ქართული ფეხბურთის ფლაგმანი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მე ერთი წელი დინამოდან შორს ვიყავი, თუმცა გულით მაინც დინამოს ვატარებდი. რაც შეეხება ფეხბურთელებსა და სატრანსფერო პოლიტიკას გეტყვით, რომ ყველა ვინც დღეს გუნდშია მომავალში შესაძლოა დინამოს მაისურით ვერ ითამაშოს. გუნდის მთავარი მწვრთნელი მოსამზადებელ ეტაპზე მათ შესაძლებლობებს გაეცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას – ვინ დარჩება და ვინ წავა. რაც შეეხება ლეგიონერებს, ვფიქრობ, რომ მათი გუნდში ყოფნა აუცილებელია. მომხრე ვარ, რომ მაღალი კლასისა და პროფესიონალი ლეგიონერის გვერდით ითამაშონ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, რომლებიც გამოცდილებას მიიღებენ და მომავალში მაღალ დონეზე იასპარეზებენ. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში დარჩებიან და დინამოს მაისურით განაგრძობენ თამაშს მსურს წარმატება ვუსურვო. მათგან ჩვენ ბრძოლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ თამაშს მოვითხოვთ. ჩვენს მთავარ მწვრთნელს დინამოში საუკეთესო წლებს ვუსურვებდი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024