დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად, რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 6 ოქტომბერს შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.
ჩვენი მეტოქე
ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.
მწვრთნელი და სიონი
ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ივლისიდან გიორგი კიკნაძე არის. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ჩატარებული შვიდი თამაშიდან ორ–ორი შეხვედრა მოგებითა და საყაიმო ანგარიშით დაასრულა, სამ შეხვედრაში კი დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მერვე საფეხურზე იმყოფება. საქართველოს თასის გათამაშებაზე კი გუნდმა პირველი ეტაპი დაძლია და მერვესფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ზესტაფონს 1:0 აჯობა.
დინამომდე...
ბოლნისის სიონმა მიმდინარე სეზონში 10 ოფიციალური მატჩი გამართა (7 უმაღლეს ლიგაში – 3 თასზე), საიდანაც გუნდმა 5 შეხვედრა გამარჯვებით (სპარტაკი 0:2 სიონი, სიონი 6:1 სტუ, სიონი 2:0 გურია, სტუ 2:5 სიონი და სიონი 1:0 ზესტაფონი) დაასრულა, 2 მატჩი ფრედ (სიონი 1:1 ვიტ ჯორჯია და სიონი 2:2 ჩიხურა) ითამაშა, ხოლო 3 შეხვედრაში (სიონი 1:2 დილა, ზუგდიდი 2:1 სიონი და მერანი 2:0 სიონი) დამარცხდა.
დინამო VS სიონი
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 49 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 41 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 123:22–ზე არის. დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2012 წლის 8 დეკემბერს შედგა. ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული სიონი – დინამო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ბოლნისელთა კარში ორი გოლი შეაგდო ჩისკო მუნიოსმა, თითო გოლი კი გივი კვარაცხელიას, ჯაბა დვალის და ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის ესპანელი მცველი – უსტარიცი დააკლდება, რომელმაც უკანასკნელი ტურის შეხვდრაში მიმდინარე სეზონის მესამე ყვითელი ბარათი მიიღო. ბოლნისელთა რიგებში კი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ არიან.
სიონი VS დინამო – მსაჯი
ბოლნისის სიონისა და დინამოს ხვალინდელ შეხვედრას ოთარ ხეცაძე განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზაზა ფიფია და ირაკლი უკლება გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ლაშა სილაგავა შეასრულებს. დამატებითი მსაჯების ფუნქციას კი გიორგი ყრუაშვილსა და არსენ ნონიკაშვილს დაეკისრათ.
ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
მერლანი – თოთაძე, სვანიძე, აბრამიძე, ქემოკლიძე – განუგრავა, გოგობერიშვილი, აფციაური, კახელიშვილი, ლობჟანიძე – უგულავა, მიკუჩაძე