დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. დღეს დინამოელები განმუხურში მარტვილის მერანის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ და დამაჯეებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. დაპირისპირებაში დინამოელებმა ანგარიში სწრაფადვე გახსნეს, მატჩის მეორე წუთზე გოლი კონსტანტინე გაბაშვილმა გაიტანა. 36–ე წუთზე დინამოელთა უპირატესობა ორამდე ოთარ კაკაბაძემ გაზარდა. პირველ ტაიმი ასეთივე ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარში კი დინამოელებმა კიდევ სამი გოლის გატანა შესძლეს. ჯერ 64–ე წუთზე ზუსტად გამოიყენა პენალტი გიორგი ჯავახიშვილმა, შემდეგ კი 87–ე წუთზე გიორგი ნიკვაშვილმა გაიტანა, საფინალო ანგარიში კი გიორგი ჯავახიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც შეხვედრის 90–ე წუთზე დუბლის გაფორმება მოახერხა. დინამოელებმა შეხვედრა ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს. პირველ ტაიმში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გაიყვანა: ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, პაპუნაშვილი, კვეკვესკირი, კაკულია, მუმლაძე, ფოცხვერია, რუხაძე, გაბაშვილი, ჭეჭელაშვილი, ხიზანეიშვილი. მეორე ტაიმში ტყეშელაშვილი (ხაინდრავა), კვეკვესკირი (გურეშიძე), კაკაბაძე (მაჭავარიანი), კაკულია, სამხარაძე, კიტოვანი (სარიშვილი), ლობჟანიძე, ჯავახიშვილი, ზივზივაძე, მესხი (ნიკვაშვილი), მათიაშვილი
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს გავესაუბრეთ.
ვასილ მაისურაძე – მოსამზადებელ ეტაპზე ორჯერად ვარჯიშებს ვმართავთ, აქედან გამომდინარე დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელებს სიმძიმე და დაღლილობა ეტყობოდათ. პირველი ტაიმში მოედანზე გამოცდილ ფეხბურთელებს მივეცით თავის გამოჩენის შანსი და ვერ ვიტყვი, რომ მათი გარჯით კმაყოფილი ვარ. უფრო მეტი მოეთხოვებათ ჩემს ფეხბურთელებს, მაშინ როდესაც დინამოელი ხარ, ყოველდღიურად უნდა ამტკიცო, რომ მართლა იმსახურებ ამ გუნდში ყოფნას, ეს კი დიდ შრომას და გარჯას მოითხოვს. ბუნებრივ საფარზე თამაშს მიჩვეულნი არ ვართ და ამ ფაქტორმა საკუთარი კორექტივები შეიტანა თამაშში. პირველი ნახევრისგან განსხვავებით მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა დაპირისპირება. მოედანზე ჩემთვის კარგად ნაცნობი ახალგაზრდა მოთამაშეები შევიდნენ. მეორე ტაიმში მეტი მომენტი გვქონდა და სამი გოლის გატანაც მოვახერხეთ, იმედს ვიტოვებ, რომ თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, ზესტაფონის გუნდს განმუხურში სპარინგზე ველოდებოდით, თუმცა მეტოქე ვეღარ ახერხებს სათამაშოდ ჩამოსვლას, რამაც გეგმები აგვირია. მომავალ თამაშს სავარაუდოდ ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე გავმართავთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბათუმის დინამოსთანაც. კიდევ ერთ შეხვედრასაც ვითამაშებდით, თუმცა ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს და ფოთის კოლხეთთან შესაძლო სპარინგზე უარის თქმა გვიწევს.