• Geo
  • Eng
16.08.2012
დინამოელთა სანაკრებო დღე

15 აგვისტოს დინამოელებმა სანაკრებო შეხვედრები გამართეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გუნდი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ივო შუშაკის გაწვრთნილ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. მოზარდ ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი დინამოელი - ჯაბა ჯიღაური, არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი ვიხილეთ, რომელიც 46-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ შეცვალა. შეხვედრის 80-ე წუთზე ალექსანდრე ჩივაძემ თავის გამოჩენის საშუალება კიდევ ერთ დინამოელს, კონსტანტინე გაბაშვილს მისცა.

თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებს გაეჯიბრა. თემურ ქეცბაიას გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 2:1 დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ჩვენი გუნდის კიპერი, გიორგი ლორია, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში საკუთარი გუნდის გადარჩენა მოახერხა, თუმცა 89-ე წუთზე დანიშნული პენალტის მოგერიება ვეღარ შესძლო.

მოგვიანებით საკუთარი სანაკრებო მატჩი გამართა ჩვენი გუნდის ესტონელმა ლეგიონერმა, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა. ესტონეთის ეროვნული ნაკრები ტალინში, პოლონეთის ნაციონალურ გუნდს 1:0 მოუგო. ესტონელთა თავკაცმა, ტარმო რუტიმ, დინამოს ფორვარდი მოედანზე სათამაშოდ შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე შეიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024