საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, სომეხ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. კახა კაჭარავას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი კი დინამოელთა კომბინაციას მოჰყვა, საბა ლობჟანიძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ვაჟა მათიაშვილმა თავით მეტოქის კარის ბადეში გაახვია და გამარჯვების გოლი გაიტანა. სომეხ თანატოლების წინააღმდეგ, მოზარდ ჯვაროსანთა რიგებში გამოძახებულმა სამივე დინამოელმა იასპარეზა. შეხვედრის მეორე ნახევარი სრულად ითამაშა საბა ლობჟანიძემ, 63–ე წუთზე კი თამაშში ვაჟა მათიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთვნენ. სომხების კარში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორს, ვაჟა მათიაშვილს, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
ვაჟა მათიაშვილი – ნაკრებში სასიამოვნო ატმოსფეროა, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს. გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული, შეთამაშების მხრივ პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოვიგეთ. უზომოდ გახარებული ვარ, რომ გამარჯვების გოლის გატანა მოვახერხე. ახალი სეზონი დინამოელებმაც დავიწყეთ. ფეხბურთელები ვცდილობთ შეხვედრიდან – შეხვედრამდე კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი და იმედი მაქვს სეზონს წარმატებულად დავასრულებთ.