• Geo
  • Eng
13.09.2012
დინამოს ესპანელები განვლილ შეხვედრაზე

ჩვენი გუნდის ესპანელ ლეგიონერებს საქართველო – ესპანეთის შეხვედრის შესახებ გავესაუბრეთ.

ჩისკო – საქართველომ მეორე ნომრად ითამაშა და ეს ლოგიკურიცაა. მასპინძლები ცდილობდნენ ესპანელებისთვის დაცვითი თამაში დაეპირისპირებინათ და ეს გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც. გიორგი ლორიას ტრავმამ კი გული დამწყვიტა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს არ წაეგო. საწყენია, რომ მომავალ თამაშებში კაპიტნის გარეშე მოგვიწევს ბრძოლა.

კარლეს კოტო – ძირითადად საქართველო საკუთარ ნახევარზე თამაშობდა. ბურთის ფლობა ესპანელთა სასარგებლოდ 80/20–ზე იყო. ესპანელი ფეხბურთელები მათთვის დამახასიათებელი მანერით თამაშობდნენ, ბურთს აგორებდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთებამდე გაუძლეს მეტოქის ზეწოლას, თუმცა შეხვედრის მიწურულს ესპანეთმა დასახულ მიზანს მიაღწია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ესპანეთთან თამაშში გიორგი ლორია დაშავდა, ჯერ არ ვიცით, თუ რა სირთულის ტრავმა აქვს მას. ლორიამ გააკეთა ის, რასაც მისგან მოელოდებოდნენ – მან დამაჯერებლად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში გამოირჩა ჩვენი კიპერი. იმედი მაქვს გიორგის ტრავმა სერიოზული არ იქნება და ძალიან მალე დაუბრუნდება დინამოს.

ალბერტ იაგუე – საქართველომ შესანიშნავად ითამაშა დაცვაში, ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ. ესპანეთის ნაკრებს ჩანაფიქრის განხორციელება ფაქტობრივად გაუჭირდა, თუმცა მაინც მოიგო. გიორგი ლორიამ დასანანი ტრავმა მიიღო, მან ძალიან კარგად ითამაშა და მოედნიდან ნაადრევად მოუწია გასვლა. ლორიას არ ყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეკარეები მას ღირსეულად შეცვლიან.

მიკელ ალვარო – ქართველი ფეხბურთელები თავის დაცვას კარგად ახერხებდნენ, თუმცა ესპანეთმა სამი ქულის მოპოვება მაინც მოახერხა. გიორგი ლორიას სახით დინამოს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გამოაკლდა. მაშინ, როდესაც შეხვედრის გმირი ხარ და 50 ათასი ადამიანი შენს სახელს გასძახის და შეხვედრას იძულებით ეთიშები საწყენია... თუმცა ლორია მაღალი დონის მეკარეა და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი თავის კარიერაში არაერთ შეხვედრას ჩაატარებს მაღალ დონეზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024