• Geo
  • Eng
20.09.2012
22 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს 22 სექტემბერს დინამო არენაზე ეროვნული პირველობის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართება. ჩვენი გუნდი ვიტ–ჯორჯიას უმასპინძლებს. მატჩი 19.00 საათზე დაიწყება.

22 სექტემბერს დინამოს საქართველოს ჩემპიონატში ოთხი შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან სამში მტკვრისპირელებმა იმარჯვეს, ხოლო ერთი მატჩი ბოლნისის სიონთან 2009 წელს უგოლოდ დასრულდა. 1994 წელს თბილისურ დერბიში ჩვენმა გუნდმა შევარდენი დაამარცხა ანგარიშით 5–3. არჩილ არველაძემ ჰეთ–თრიქით გამოიჩინა თავი, თითო გოლი კი ჯამარაულმა და ყაველაშვილმა გაიტანეს. 2001 წელს წყალტუბოში ადგილობრივ სამგურალს სახვაძისა და ამისულაშვილის გოლებით დინამომ 2–1 აჯობა. 2007 წელს ასევე 2–1 იმარჯვეს თბილისელებმა ზუგდიდის ბაიასთან. გოლები მერებაშვილმა და ხუციშვილმა გაიტანეს.

სსრკ– ს პირველობაზე 22 სექტემბერს დინამო თბილისმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. სამ შემთხვევაში დინამომ იმარჯვა, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა და ერთხელაც ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსი 15/7 მტკვრისპირელთა სასარგებლოდ. 1950 წელს რიგის დაუგავას ვუმასპინძლეთ და დიდი ანგარიშით 5–2 მოვიგეთ. ღოღობერიძის, ვარდიმიადის და მახარაძის გოლებს პაიჭაძემ ორი გოლი მიამატა. ასევე ხუთი ბურთით იმარჯვა ჩვენმა გუნდმა 1966 წელს, როდესაც ერევნის არარატს უმასპინძლეს. იმ შეხვედრაში ხუთივე გოლი ილია დათუნაშვილმა ჩაიწერა თავის ანგარიშზე. 1952 წელს მოსკოვის სპარტაკმა მინიმალური ანგარიშით 2–1 გვაჯობა. გოლის გატანა ჭკუასელმა მოახერხა. 1972 წელს ვოროშილოვგრადში ადგილობრივ ზარიასთან ჩვენმა გუნდმა ფრედ 2–2 ითამაშა. ორივე გოლი ყიფიანმა გაიტანა. 1974 წელს ლენინგრადში ზენიტთან გუცაევის და ჭელიძის გოლებით 2–1 გაიმარჯვეს თბილისელებმა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024