• Geo
  • Eng
24.09.2012
ჩიხურა vs დინამო – ურთიერთშეხვედრები და 26 სექტემბერი

ოთხშაბათს 26 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამო თბილისი საჩხერეში ადგილობრივ ჩიხურას დაუპირისპირდება. შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ასპარეზზე სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3–1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვა. თავის გამოჩენა მოახერხეს: ფეიქრიშვილმა, იაშვილმა, მერებაშვილმა, ხუციშვილმა და გურამ კაშიამ.

ეროვნულ ჩემპიონატში 26 სექტემბერს დინამო თბილისმა ორი შეხვედრა გამართა. 1995 წელს მეშვიდე ჩემპიონატში თბილისელებმა გორის დილას კერძევაძის გოლით, ანგარიშით 1–0 აჯობეს. მეთერთმეტე ჩემპიონატში, 1999 წელს ჩვენმა გუნდმა წყალტუბოში ადგილობრივი სამგურალი აშვეთიას და ალექსიძის გოლებით 2–1 დაამარცხა.

26 სექტემბერს სსრკ– ს ჩემპიონატში დინამომ 4 მატჩი გამართა. 1961 წელს მოსკოვში სახალხო გუნდთან ანგარიშით 2–3 დავმარცხდით. თავის გამოჩენა კალოევმა და მელაშვილმა მოახერხეს. 1966 წელს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს ვუმასპინძლეთ და დათუნაშვილის გოლით 1–0 მოვიგეთ. 1981 წელს ევროპის თასის მფლობელებმა ოდესის ჩერნომორეცი მიიღეს საკუთარ კედლებში. შეხვედრა ფრედ 1–1 დასრულდა. პლოსკინამ საკუთარ კარში   გაიტანა. 1989 წელს მტკვრისპირელებმა ვოლგოგრადის როტორს უმასპინძლეს და ის მატჩიც ფრედ 1–1 დაასრულეს. გოლი ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან ჭედიამ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024