ჩვენი გუნდი 26 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეშვიტე ტურის შეხვედრას სტუმრად, საჩხერის ჩიხურასთან გამართავს. მატჩი სოფელ ივანწმინდაში 16:00 საათზე დაიწყება.
ინტერესს იწვევს გათამაშების ლიდერისა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ჩიხურას დაპირისპირების ისტორიაც. ეროვნული ასპარეზზე დინამოელები საჩხერელ მეტოქეს სულ ორჯერ, 2006/2007 წლების სეზონში, დაუპირისპირდნენ. ორ თამაში და ორი გამარჯვება, ბურთების შეფარდება 8:1 - დინამოელებს მომავალ მეტოქესთან ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ.
ხვალინდელი მატჩი დინამოელთათვის მეტად მნიშვნელოვანია. დუშან უჰრინის შეგირდები მოსაგებად და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თავის მხრივ კი ჩიხურა იოლად არაფერს დათმობს. ქართულ საფეხბურთო ელიტაში დაბრუნებული საჩხერელი ფეხბურთელები საკუთარ მოედანზე უდანაკარგოდ ასპარეზობენ, სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე იმყოფებიან და ხვალინდელ შეხვედრაში ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდებიან.
უკანასკნელ ტურში დინამოელებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს და გასვლით შეხვედრას ამარლებული განწყობით ეგებებიან. ჩიხურა კი მოახლოებულ მატჩს რადიკალურად განსხვავებული ხასიათით ხვდება - გუნდმა VI ტურის უხვგოლიან შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და განმუხურში, ზუგდიდთან 2:4 დამარცხდა.
რევანშის სურვილით აღსავსე საჩხერელი და ჩემპიონობის მაძიებელი თბილისელი ფეხბურთელების ივანწმინდურ დაპირისპირებას ასისტენტებთან ერთად დავით ხარიტონაშვილი განსჯის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში თბილსელმა და საჩხერელმა ფეხბურთელებმა დავით ხარიტონაშვილი კარგად დასცადეს. დინამოსა და ჩიხურას მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა თითო მატჩი იმსაჯა - 25 აგვისტოს დინამომ ბათუმელი სეხნიები ზესტაფონში - 3:0 დაამარცხა, ჩიხურამ კი 18 სექტემბერს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ხობის კოლხეთ 2:0 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ შეხვედრას დააკლდება ჩიხურას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე - დავით ოდიკაძე, რომელიც ჩიხურაში განათხოვრების წესით ასპარეზობს და დინამოელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. საინტერესოა, როგორი იქნება ჩიხურას სასტარტო შემადგენლობა ხვალინდელ მატჩში. სოსო ფრუიძეს სავარაუდოდ შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერებს არჩევანს:
სომხიშვილი - გუშარაშვილი, ჭელიძე, ლომაშვილი, საჯაია - დიღმელაშვილი, დეკანოიძე, ბაკურაძე, კვასხვაძე, კირკიტაძე - გოცირიძე