ზღვისპირეთში, განმუხურის ახლადაშენებულ არენაზე დინამოელები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს გაეჯიბრებიან. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.
ურთიერთშეხვედრათა ისტორია დინამოელთა უპირატესობაზე მეტყველებს. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩვენი გუნდი ზუგდიდურ კლუბებს 34-ჯერ შეხვედრა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 24-ჯერ დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 4-ჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელ ფეხბურთელებს დარჩათ.
განმუხურის საფეხბურთო არენაზე მოთამაშე ზუგდიდელ ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში არ წაუგიათ. უმაღლესი ლიგის სამი თამაშიდან, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, ორი შეხვედრა მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე კი შინ ხონის იმერეთი 4:1 დაამარცხა.
დუშან უჰრინის შეგირდები მორიგი სამი ქულის მოპოვებასა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას შეეცდებიან. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილი ზუგდიდელი ფეხბურთელები კი იოლად არაფერს დათმობენ და თავისმხრივ, შედეგიანი საშინაო სვლის გაგრძელებას შეეცდებიან.
ინტრიგა დინამოსა და ზუგდიდური კლუბების დაპირისპირებას არასდროს მოჰკლებიან. იშვიათი გამონაკლისების გარდა დინამოსა და ზუგდიდური გუნდების შეხვედრისას, მატჩი უკანასკნელ წამამდე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს. გასულ სეზონში დინამოელებმა სტუმრად გამართული მატჩის გადარჩენა და ქულის აღება, ზუგდიდის ბაიასთან, შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მოახერხეს. ბაიას საწვრთნელ ბაზაზე გამართული შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.
დინამოელებმა ზუგდიდური კლუბის სტუმრად დამარცხება 2011 წლის 23 აპრილს მოახერხეს. გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე ჩვენმა გუნდმა ბაიას 2:1 მოუგო. აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა გივი კვარაცხელიამ, რომელიც კვალვ ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს.
ინტერესს იწვევს ზუგდიდელთა გამოსვლა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მიმდინარე სეზონში გამართული 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, ისიც სეზონის სტარტზე, მას შემდეგ ქომეთიანის გუნდს მოედანი უქულოდ არ დაუტოვებია. თუ რა შემადგენლობით ეცდება ზუგდიდი ქულათა მარაგის გაზრდას, ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, ჩვენი ვარაუდით კი მეტოქის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ძაგანია - აკობია, გამეზარდაშვილი, ფოფხაძე, თოდუა - ბოლქვაძე, კოშკაძე, კუტალია, ტყემალაძე - ქობალია, გაბედავა