შაბათს 6 ოქტომბერს დინამო თბილისი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდება. ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის ეგიდით დაგეგმილი შეხვედრა განმუხურში გაიმართება და 15.00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატში 6 ოქტომბერს დინამოს სულ ორი შეხვედრა აქვს გამართული. 2002 წელს ჩვენი გუნდი გასვლაზე ბათუმში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3–1 აჯობა. შეხვედრაში ორი გოლი ახალაიამ გაიტანა , ხოლო ერთი ბურთი გოგობერიშვილის ანგარიშზეა. 2007 წელს დინამომ თბილისურ დერბიში ხუციშვილისა და სპასოევიჩის გოლებით ანგარიშით 2–0 აჯობა ამერს.
6 ოქტომბერს სსრკ– ს პირველობაზე ჩვენმა გუნდმა 8 მატჩი ჩაატარა. აქედან სამში დინამომ იმარჯვა, ორი შეხვედრა დასრულდა ფრედ და სამჯერ მეტოქემ გვაჯობა. ბურთების ბალანსია 15/12 დინამოს სასარგებლოდ. 1959 წელს ლენინგრადში ზენიტს ვესტუმრეთ და 1–2 დავმარცხდით. გოლი ლენინგრადელთა კარში მელაშვილმა გაიტანა. 1967 წელს ჩვენმა გუნდმა დონის როსტოვში ადგილობრივ სკა– ს დათუნაშვილის გოლით 1–0 აჯობა. შემდეგ სეზონში მოსკოვში ცსკა– თან 2–3 დამარცხდა დინამო. იმ შეხვედრაში გოლები გავაშელმა და მეტრეველმა გაიტანეს. 1970 წელს საკავშირო დედაქალაქში სპარტაკთან 1–2 დავმარცხდით. ერთადერთი გოლი კუტივაძის ანგარიშზეა. 1972 წელს თბილისელებმა ლვოვის კარპატს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხეს. გავაშელის დუბლს თითო გოლი ხურცილავამ, გივი ნოდიამ და გუცაევმა შემატეს. 1974 წელს მოსკოველ სეხნიებთან გამართული მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა. 1979 წელს მტკვრისპირელებმა დონეცკში ადგილობრივ შახტიორთან უხვგოლიანი ფრე 3–3 ითამაშეს. ორი გოლი ქორიძემ გაიტანა, ხოლო ერთიც ყიფიანმა. 1982 წელს თბილისელებმა დინამოს სტადიონზე ტაშკენტის პახტაკორს უმასპინძლეს. ჯოხაძისა და ცაავას გოლებით ჩვენმა გუნდმა 2–1 იმარჯვა.