დინამო თბილისის ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიაში ჩვენი კლუბის დირექტორმა მამუკა მახათაძემ ფეხბურთელებს მეორე გუნდის და დუბლშემადგენლობის ახალი სამწვრთნელო შტაბი წარუდგინა. პირველ ლიგაში მოასპარეზე დინამო-2-ს მალხაზ ჟვანია უთავკაცებს. 37 წლის სპეციალისტი 7 წლის მანძილზე მარტვილის მერანს ედგა სათავეში. გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ჟვანიას ასისტენტობას გივი დიდავა, რამაზ სვანაძე და ლევან აბაშიძე გაუწევენ. დუბლშემადგენლობას სათავეში კახი გოგიჩაიშვილი ჩაუდგა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა თბილისის დინამოს და საქართველოს ნაკრების ღირსებას. მას სულიკო დავითაშვილი და ზურაბ ქვაჩახია დაეხმარებიან, რომლებიც დინამოს საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდნენ.