კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში დინამო თბილისი სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.
ანგარიში 35-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, მახვილი კუთხიდან ლუკა კუტალაძის კარი ონორე გომისმა აიღო. დინამოელებმა წონასწორობა პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე აღადგინეს, კომპენსრირებულ მე-7 წუთზე, პენალტი ზუსტად უსმანე კამარამ შეასრულა.
მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი არ შეცვლილა, ტერიტორიულ უპირატესობას დილა ფლობდა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კი კონტრშეტევებზე მოქმედებდა. გორელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს წინ გასვლა, 75-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში დავით კობოურმა ჩაჭრა. დარჩენილ დროში დინამოელები გააქტიურდნენ და უპირატესობა მოიპოვეს. თბილისელთა შეტევებმა შედეგი მატჩის ბოლო წუთებზე გამოიღო. 92-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის შეცდომით გიორგი მოისწრაფიშვილმა ისარგებლა და მეტოქის კარი ახლო მანძილიდან აიღო. 94-ე წუთზე კი, გიორგი მაისურაძის შორეული გადაცემით თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა და ულად-ომარ იმრანს გაატანინა.
მოპოვებული გამარჯვებით დინამო თბილისმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 69 ქულა დააგროვა, ლიდერობა შეინარჩუნა და უახლოეს მდევარ დინამო ბათუმს ორი ქულით უსწრებს.