ზესტაფონის საფეხბურთო კლუბთან თამაშით დინამოელები უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის პირველი წრეს დაასრულებენ. ჩვენი გუნდი ზესტაფონს დინამო არენაზე დაუპირისპირდება, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა.
ეროვნული ჩემპიონატში დინამოელები იმერულ კლუბს დღემდე 25–ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში თბილისური კლუბი ზესტაფონს სჯობნის – 12 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 31:22–ზე არის. უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა – დინამომ სტუმრად 1:0 იმარჯვა.
საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის გულშემატკივარს. ჩემპიონობისთვის დარაზმული დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელ გამარჯვებულთან – ზესტაფონთან სამი ქულისთვის იბრძოლებს. თავის მხრივ იმერელი ფეხბურთელები იოლად არაფერს დათმობენ.
ტურის ცენტრალური შეხვედრად მონათლული დინამო – ზესტაფონი მაყურებელს ელის. სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. დინამოელები ლიდერობის შენარჩუნებას ეცდებიან, ზესტაფონელი ფეხბურთელები კი დინამო არენაზე შვიდი წლის წინ დამკვიდრებული უსიამოვნო სერიის შესაწყვეტად გაიბრძოლებენ, ზესტაფონი 2005 წლის შემდეგ დინამოსთან თამაშის შემდეგ გამარჯვებული არ გაბრუნებულა.
აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბოლო წლების უმაღლესი ლიგის საუკეთესო ფორვარდი, ექს–ზესტაფონელი ჯაბა დვალი. კლუბებს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე დინამო 12 ნომერს ზესტაფონთან თამაშის უფლება იანვრის თვემდე არ აქვს – ეს კი დუშან უჰრინის სათამაშო მონახაზში კორექტივებს შეიტანს.
ფეროელებთან შეხვედრაში დიდი ალბათობით მოედანს გუნდის კაპიტანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე, გიორგი ლორია დაუბრუნდება, რომელმაც 11 სექტემბერს, საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრის 73–ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ოთხი საშინაო შეხვედრა, 20 გატანილი გოლის პასუხად მიღებული 4 ბურთი. დინამო თბილისი ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში ჩატარებულ შეხვედრებში ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამოელები უახლოეს მდევარს ერთი ქულით ასწრებენ და ლიდერობის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებათ. ზესტაფონს კი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ქულათა მარაგის გაზრდა ესაჭიროებათ.
ინტერესს იწვევს ზესტაფონის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი ფეროელები პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
კვასხვაძე, თედორე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, კობახიძე, მილხრაუმი, აფციაური, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი, რაჟამაშვილი, წინამძღვრიშვილი,