• Geo
  • Eng
26.10.2012
ქართული ფეხბურთის ფიზიკა

“შახტარი”-“ჩელსის” მატჩის შემდეგ კიევში დონეცკიდან სასწრაფოდ ჩავფრინდი, რაკიღა ბანიკოვის ტურნირზე თბილისის პატარა დინამოელები ფინალში მეგულებოდნენ! კიევის “დინამოს” ნივკის საფეხბურთო აკადემიაში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ყოველ შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატზე რომ დადის, იმაზე ნაკლები არ იქნებოდა და ნაცნობ-მეგობრებმა უმალ მომილოცეს ფინალში გასვლა - კიევის “დინამოს” აქამდე ყველა ტურნირი ჰქონდა მოგებული და ეს რა ბიჭები გყოლიათო! 1999 წელს დაბადებულმა თბილისელებმა არაფერი დაუთმეს კიეველებს ნახევარფინალში და მეკარე ლაშა-გიორგი გურგენიძის მიერ ბრწყინვალედ მოგერიებული ორი პენალტის შემდეგ ფინალში გავიდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, ყველა ჩვენ გვიჭერდა მხარს! ტრიბუნაზე ერთადერთი ჩვენებური, დინამოს სელექციონერი თემურ უგრეხელიძე შევნიშნე და ორმა ქართველმა დავუწყეთ გამხნევება ჩვენს ბიჭებს, რომელთაც ისე ჩამორჩებოდნენ მოსკოველი თანაკლუბელები ტექნიკაში, რომ სამი რუსი სელექციონერი თვალებდაჭყეტილი იყურებოდა. თამაში ჩვენების კარნახით დაიწყო, თბილისის პატარა დინამოელები ტექნიკური გიორგი ჩაკვეტაძის მეცადინეობით კარგად აგორებდნენ ბურთს და მწვავედ უტევდნენ. გოლიც უმალ გავიტანეთ: მეთხუთმეტე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი თაგვაშვილმა კუთხური ჩააწოდა, საჯარიმოში შევარდნილმა ლუკა ქაფიანიძემ კი მეკარეს დაასწრო და ლამაზი თავური გოლი გამოაცხო! რუსები სულ დაიბნენ და კიდევ შეიძლებოდა გატანა, მაგრამ ჩვენები რატომღაც მოეშვნენ, როგორც მერე მივხვდი, დაღლა დაეტყოთ, ორ დღეში ორი თამაში, ასეთ მაღალ დონეზე ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. შესვენებაზე ეტყობა, სული მოითქვეს და მეორე ტაიმის პირველი 10 წუთი ისევ შეუტიეს, რუსები მოგერიებაზე გადავიდნენ, საკმაოდ კარგად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებს მიმართავდნენ, თანაც არც უხეშობას და სიმულანტობას თაკილობდნენ, ამიტომაც 4 ყვითელი ბარათი მიიღეს. მატჩის ბოლოს კი მართლა დავიღალეთ, ჩვენები ზონების ამოვსებას ვეღარ ასწრებდნენ. 5 წუთი რჩებოდა, რომ კარისკენ გაჭრილ თაგვაშვილს უხეშად დაეჯახნენ და მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო – კუნთი დაეჭიმა... ეს იყო მატჩის კულმინაცია და დავისაჯეთ კიდეც, ზედიზედ ორი კონტრშეტევა გაგვეპარა მარცხენა ფრთიდან და ორი გოლიც მივიღეთ... არადა, სულ ახლოს იყო გამარჯვება, რომელსაც ჩვენთვის, დინამოელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - ვინ იცის, დინამოელთა რამდენი თაობა ცდილობდა მოსკოველი თანაკლუბელების დამარცხებას და ეს იყო ერთ-ერთი საბჭოთა გუნდი (“სპარტაკთან” ერთად), რომელთანაც ჩვენ უარყოფითი ბალანსი გვაქვს... მოკლედ, ქართული ფეხბურთის აქილევსის ქუსლი – ფიზიკური მომზადება მუდამ თან გვდევს და ბოლოსდაბოლოს, ყველამ ერთად ხომ უნდა ვიზრუნოთ ამის გამოსასწორებლად?!
ფინალის შემდეგ დაჯილდოება გაიმართა და რაოდენ გასახარია, რომ საუკეთესო მეკარედ თბილისელი ლაშა-გიორგი გურგენიძე, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად კი ჩვენი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს! კიევის დინამოს აკადემიის რექტორმა, ალექსანდრე იშენკომ მითხრა, ამ ბიჭებს გაფრთხილება უნდა და ჩვენ მზად ვართ თბილისელებთან მუდმივი კავშირისა და პარტნიორობისთვისო!
მინდა ოთარ გაგნიძის ყველა აღსაზრდელი ჩამოგითვალოთ, რომელთაც კიევის პუბლიკა ტაშს უკრავდა: გიორგი ვაშაკიძე, საბა ჯიქია, გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი თაგვაშვილი, გიორგი ბადაშვილი, ლუკა ნინუა, ლუკა ჩიკვაიძე, დავით კიკალიშვილი, თორნიკე თაგვიაშვილი, აკაკი სამსონია, ლუკა ქაფიანიძე, ლაშა-გიორგი გურგენიძე, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი სართანია, ლაშა უგრეხელიძე.
მამუკა კვარაცხელია კიევიდან

worldsport.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024