მეორე წრეს დინამოელები საკუთარ მოედანზე, რუსთავის მეტალურგთან თამაშით დაიწყებენ. მატჩი დინამო არენაზე 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ეროვნულ ჩემპიონატში დინამო რუსთავის საფეხბურთო კლუბებს 45– ჯერ შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში თბილისელი ფეხბურთელები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ. 28 გამარჯვება, 9 ფრე, 8 წაგება, ბურთების შეფარდება 91/37.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. დინამოელები უახლოეს მდევარს კვლავ ერთი ქულით ასწრებენ და ლიდერობის გასამყარებლად სამი ქულის მოპოვება ესაჭიროებათ. პირველ წრეში განცდილი მარცხის შემდეგ, რევანშის სურვილით შეპყრობილი მეტალურგები ქულების მოპოვებასა და სატურნირო ცხრილში პოზიციების გაუმჯობესებას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, სტუმრად გამართულ უკანასკნელ სამ შეხვედრაში ქულის აღება ვერ მოახერხა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილ გუნდს თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს, რაზეც ბოლო ოთხ თამაშში ერთი გატანილი გოლი მიგვანიშნებს.
ლურჯ–თეთრები ხვალინდელ შეხვედრაში ირაკლი ძარიას დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისებენ. თავის მხრივ დანაკლისი მეტალურგსაც აქვს. მეტოქე გუნდის რიგებში ვერ ითამაშებს გიორგი თექთურმანიძე, რომელიც რუსთავის საფეხბურთო კლუბში განათხოვრების წესით იმყოფება.
უმაღლესი ლიგის პირველი წრე დინამომ საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა. 5 თამაში, 5 მოგება, 22 გატანილი გოლის საპასუხოდ მიღებული 5 ბურთი. მეტალურგი სტუმრად არასტაბილურად ასპარეზობს 5 თამაშში 2 მოგება და 3 წაგება – ბურთების შეფარდება 4:6– ზე. მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ხვალინდელ მატჩამდე დინამოელები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ.
რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება დინამო არენაზე. ორი გუნდი და ორი მიზანი. დინამო ჩემპიონობისთვის და მეორე ეტაპის დაწყებამდე ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მოსაგროვებლად იბრძვის. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი რუსთავის მეტალურგის მთავარი ამოცანა გამოიკვეთა – გუნდის მთავარი საფიქრალი ექვსეულში შესვლაა.
გასულ ტურში დინამომ პრინციპული თამაშების სერია თბილისში დაიწყო და 4 ნოემბერს ქუთაისში გაგრძელდება. დუშან უჰრინის გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი პრინციპულ მეტოქეებთან მოპოვებული ქულათა მაქსიმუმი იქნება.
ინტერესს იწვევს მეტალურგის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი მეტალურგი პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
ბათიაშვილი, მახვილაძე, ინწკირველი, ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, დობროვოლსკი, მაისურაძე, რაზმაძე, სუხიაშვილი, ქავთარაძე, ტატანაშვილი