• Geo
  • Eng
16.11.2012
18 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 18 ნოემბერს ფოთში ადგილობრივი კოლხეთი ჩვენს გუნდს უმასპინძლებს. მეთხუთმეტე ტურის მატჩი ფაზისის სტადიონზე გაიმართება და 14.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატში 18 ნოემბერს დინამოს ორი შეხვედრა აქვს გამართული. 1997 წელს თბილისელებმა ზუგდიდის ოდიშს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 4–0 დაამარცხეს მეტოქე. ორ–ორი ბურთი ხომერიკის და მუჯირის ანგარიშზეა. 2006 წელს დინამომ საჩხერეს ჩიხურა მიიღო და 3–1 აჯობა. გოლები გაიტანეს: ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ საკუთარ კარში.

18 ნოემბერს სსრკ– ს პირველობაზე დინამომ სამი მატჩი გამართა. 1939 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვის ცსკა– ს უმასპინძლეს და იმ ლეგენდარულ შეხვედრაში 5–4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელები 1–4 აგებდნენ, მატჩის მეორე ნახევარში კი ოთხი ბურთის გატანა მოახერხეს. ხარბედიას დუბლს თითო გოლი ბერძენიშვილმა, პაიჭაძემ და ჯეჯელავამ მიამატეს. 1962 წელს დინამო იმავე გუნდთან 0–1 დამარცხდა. 1964 წელს ჩატარებული მატჩი კი ქართული ფეხბურთისა და დინამო თბილისის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ტაშკენტში ჩატარებულ საჩემპიონო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის ტორპედო 4–1 დაამარცხა და პირველად დაეუფლა სსრკ– ს ჩემპიონატის ოქროს მედლებს. ოქროს მატჩში თავის გამოჩენა დათუნაშვილმა (ორჯერ), მესხმა და მეტრეველმა მოახერხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024