სანაკრებო პაუზის დროს დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოსა და დუბლშემადგენლობის სპარინგი შედგა. მატჩი საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, რომელიც პირველმა გუნდმა მინიმალური სხვაობით 2:1 მოიგო. მე-8 და 32-ე წუთზე პენალტიდან ჯერ მერებაშვილმა გაიტანა, შემდეგ კი ჩისკომ. 11 მეტრიანები ვუოს და ლექვთაძის წაქცევას მოჰყვა. ზარქუას რამდენიმე რთული დარტყმის მოგერიება მოუხდა. ჩისკოს თავური და მერებაშვილის საშუალო დისტანციიდან გასროლა სახიფათო გახლდათ. ტაიმის მიწურულს უპირატესობას ახალგაზრდები დაეუფლნენ. დუბლშემადგენლობის კაპიტნის გიორგი პაპუნაშვილის დარტყმა ძელმა მოიგერია. 41-ე წუთზე კი მელიქიძის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვოლკოვმა გაიტანა. მას ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გოგამ გაიტანა. 58-ე და 79-ე წუთებზე კი პატრიკ ვუომ გამოიჩინა თავი. ორივე შემთხვევაში მას ასისტენტობა მერებაშვილმა გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ორივე მხარის სასარგებლოდ შეიძლება შეცვლილიყო, მატჩი საბოლოოდ 5:1 დასრულდა. ახალგაზრდულ და პირველ ნაკრებ გუნდებში გამოძახებულ მოთამაშეთა გარდა (პაპავა, ლორია, კვირკველია, ხმალაძე, ძარია, გრიგალაშვილი), დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არც ჯაბა დვალს და უსტარიცს მიუღიათ. მათ ინდივიდუალურად ივარჯიშეს.
დინამო: მიგინეიშვილი, ხურცილავა, კვარაცხელია (გველესიანი 46), შაშიაშვილი, გლიშიჩი, ლექვთაძე (სეთურიძე 46), გოგა (ხოჭოლავა 57), მერებაშვილი, მიქაბერიძე (შინდაგორიძე 65), ჩისკო, ვუო
მთავარი მწვრთნელი- დუშან უჰრინი
დინამო (დუბლები): ზარქუა, მარაქველიძე (კაპანაძე 65), ჯაფიაშვილი, მელიქიძე, მურუსიძე (ველიაშვილი 60), კახნიაშვილი, წილოსანი (ვეკუა 65), პაპუნაშვილი, ვოლკოვი (ხარებაშვილი 70), გოროზია, მესხი (კვერნაძე 55)
მთავარი მწვრთნელი- კახი გოგიჩაიშვილი
1:0 მერებაშვილი 8’ (პენ) 2:0 ჩისკო 32’ (პენ) 2:1 ვოლკოვი 41’ 3:1 გოგა 47’ 4:1 ვუო 58’ 5:1 ვუო 79’