შაბათს 24 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი თავის არენაზე გორის დილას უმასპინძლებს. დილასთან შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ასპარეზობის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ორმოცდაექვსჯერ შეხვედრიან. შეიძლება ითქვას, რომ დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა გააჩნია ამ შეხვედრებში. ოცდაცხრამეტჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, ექვსი შეხვედრა დამთავრდა ფრედ და ერთხელ გორელებმა იზეიმეს წარმატება. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 136/22 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა ანგარიშით 9–0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა შვიდი ბურთი შეაგდეს მეტოქის კარის ბადეში, გორელთა ორი გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6–1 და 5–0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4–1 და 4–0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ოთხი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.
ბოლოს დინამო და დილა საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურში, 15 სექტემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა გორში გაიმართა და ადგილობრივი გუნდის გამარჯვებით 2–0 დასრულდა.