• Geo
  • Eng
22.11.2012
ყველა დროის ყველაზე შედეგიანები: ათეულში თბილისის დინამოცაა

ალბათ, დაგაინტერესებთ იმ კლუბების შესახებ, რომლებსაც თავიანთ ჩემპიონატში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. ამ მხრივ რეკორდსმენი ბუდაპეშტის "ფერენცვაროშია", რომელმაც 1948/49 წლების სეზონში 140 ბურთი შეაგდო. ყველა დროის ათეულშია თბილისის "დინამოც" - თბილისელებმა 1994-95 წლების სეზონში 125-ჯერ დაამწუხრეს მეტოქეები.
ეს ინფორმაცია საფრანგეთის ერთ-ერთმა სტატისტიკურმა საიტმა (http://cahiersdufootball.net/article.php?id=4695&titre=top-10-les-attaques-de-feu) გამოაქვეყნა. "დინამომ" იმ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 25 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. საინტერესოა, რომ ორივე მარცხი "სამტრედიასთან" განიცადა, რომელიც იმ დროს მართლაც მშვენიერი გუნდი იყო და ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
მაშინ "დინამომ" სამტრედიელებთან შინ 1:2, სტუმრად კი 0:1 წააგო. იმერულ გუნდს მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა და ფეხბურთელთა ჯგუფიც შთამბეჭდავი იყო: გიორგი დარასელია, ზაზა ჯანაშია, კახა გოგიჩაიშვილი, დავით ცომაია, ზურაბ იონანიძე, დავით ჯანაშია, გია ჯიშკარიანი, გიორგი გოგიაშვილი...
"სამტრედია" ბოლოსწინა ტურამდე ლიდერობდა, მაგრამ რუსთავში ვერ მოუგო "მეტალურგს" (0:0) და ამით დაკარგა ჩემპიონობა. ამას დიდი სკანდალიც მოჰყვა - სამტრედიელებმა ბოლო წუთებზე გაუტანეს "მეტალურგს", თუმცა ის ბურთი არ ჩაითვალა.
რაც შეეხება დინამოელთა 3 ფრეს, აქედან 2 ქუთაისის "ტორპედოსთან" იყო (0:0, 1:1) და ერთიც ბათუმის "დინამოსთან" (1:1).
"დინამომ" იმ სეზონში 125 გოლი გაიტანა და 33 გაუშვა.
სეზონის დასაწყისში გუნდს აწ გარდაცვლილი გივი ნოდია წვრთნიდა, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში თემურ ჩხაიძე ("გურიას" ყოფილი კაპიტანი, ამჟამად პარლამენტარი), მარტამდე კიდევ ორი მწვრთნელი გამოიცვალა - სერგო კუტივაძე და ვაჟა ჟვანია, ხოლო მარტიდან "დინამოს" ლეგენდარული დავით ყიფიანი ჩაუდგა სათავეში.
მოკლედ, იმ სეზონში "დინამოს" 5 სხვადასხვა მწვრთნელი თავკაცობდა.
დინამოელთა 125 გოლი ასე გადანაწილდა: 24 - ალექსანდრე იაშვილი, 16 - გოჩა ჯამარაული, 14 - გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, 13 - არჩილ არველაძე, 11 - შოთა არველაძე, 8 - გიორგი დემეტრაძე, 6 - ლევან ცქიტიშვილი, 4 - ლევან ყიფიანი, 2 - გიორგი კიკნაძე, მურთაზ შელია, გიორგი ანჩაბაძე, დავით პეტრიაშვილი, გელა ინალიშვილი, 1 - კახა კალაძე, შალვა ხუჯაძე, ოთარ კორღალიძე, გიორგი ნემსაძე, ზაზა რევიშვილი.
თავადაც ხედავთ, რა კრებულია... ასეთი გუნდი "დინამოს" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აღარ ჰყოლია. თბილისელებმა იმ სეზონში ორჯერ მოიგეს ორნიშნა ანგარიშით - 10:1 სძლიეს ყვარლის "დურუჯსა” და ზესტაფონის "მარგვეთს".
ისიც აღსანიშნავია, რომ ძმებმა არველაძეებმა მხოლოდ პირველი წრე გაატარეს "დინამოში" და "ტრაბზონსფორში" დაბრუნდნენ, სადაც წინა სეზონშიც იყვნენ.
აქვე, ერთი სეზონის მიხედვით ყველაზე შედეგიანი გუნდები მსოფლიოში:
1. "ფერენცვაროში" (უნგრეთი) - 1948/49 - 140 გოლი
2. ტვმკ (ესტონეთი) - 1995 - 138 გოლი
3. "ბარი თაუნი” (უელსი) - 1997/98 - 134 გოლი
4. "ჰართსი" (შოტლანდია) - 1957/58 - 132 გოლი
5. "დინამო" (ბუქარესტი, რუმინეთი) - 1988/89 - 130 გოლი
6. "ასტონ ვილა" (ინგლისი) - 1930/31 - 128 გოლი
7. "დინამო" (თბილისი, საქართველო) - 1994/95 - 125 გოლი
8. "ტორინო" (იტალია) - 1947/48 - 125 გოლი
9. "სპორტინგი" (პორტუგალია) - 1946/47 - 123 გოლი
10. "აიაქსი" (ჰოლანდია) - 1966/67 - 122 გოლი

ცნობისთვის, გასულ სეზონში მადრიდის "რეალმა" 121 გოლი გაიტანა პრიმერაში და ათეულამდე ცოტა დააკლდა - მე-11 საფეხურზეა.

 

ილია ნანობაშვილი

Worldsport.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024