• Geo
  • Eng
06.12.2012
სიონი vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

8 დეკემბერს შაბათს, დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის თბილისელები 43 ქულით გათამაშების ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ბოლნისელები 18 ქულით სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე არიან.

დინამო თბილისი და ბოლნისის სიონი ეროვნულ ასპარეზზე  48–ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და აშკარა უპირატესობას მტკვრისპირელები ფლობენ. თბილისელებმა 40–ჯერ დატოვეს მოედანი გამარჯვებულებმა, ითამაშეს ოთხი ფრე და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 118/22 დინამოს სასარგებლოდ. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა ბოლო წლებში ამ გუნდების შეხვედრა დაძაბულად  მიმდინარეობს. ნათამაშები ოთხი ფრიდან, სამი შეხვედრა უგოლოდ, ხოლო ერთი მატჩი ანგარიშით 1–1 დასრულდა. ბოლნისელთა გამარჯვებიდან აღსანიშნავია 2–0 მოგება თბილისში, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში 2009 წელს. თბილისელებმა 40 გამარჯვებიდან დიდი ანგარიშით ცამეტი შეხვედრა დაასრულეს. ამათგან მეშვიდე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 1996 წელს, დინამომ ბოლნისელებს 8–0 მოუგო. 1998 წელს მეათე ჩემპიონატის მესამე ტურში თბილისელებმა ისევ რვა ბურთი გაიტანეს მეტოქის კარში, თუმცა ერთი ბურთი საპასუხოდაც მიიღეს. ყველაზე დიდი სხვაობა კი  2000 წელს, მეთორმეტე ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში დაფიქსირდა, როდესაც დინამომ სიონი ცხრა უპასუხო ბურთით დაამარცხა.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 30 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 7–2 დასრულდა. ჯაბა დვალმა და გიორგი მერებაშვილმა იმ შეხვედრაში დუბლით გამოიჩინეს თავი, ხოლო თითო გოლი ლევან ხმალაძემ, ვლადიმერ ვოსკობოინიკოვმა და მიკელ ალვარომ გაიტანეს.

8 დეკემბერს დინამოს ერთი შეხვედრა აქვს გამართული. 2002 წელს მეთოთხმეტე ჩემპიონატში თბილისელებმა ბათუმის ბათუმს უმასპინძლეს. ალექსიძისა და გოგობერიშვილის გოლებით ჩვენმა გუნდმა 2–0 დაამარცხა მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024