10 ნოემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა დინამო არენაზე შედგება, ჩვენი გუნდი თელავს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვთ. სულ 9-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისელები და თელაველები. 5 მატჩი დინამომ მოიგო, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 14/5 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. 2022 წლის 10 აპრილს ეს გუნდები თელავში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 1-1 დაცილდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა. 25 მაისს დინამო არენაზე დედაქალაქელებმა 3-2 მოიგეს. ვაჟა ფაცაციას ავტოგოლს ორი გოლი თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ მიამატეს. 5 სექტემბერს თელავში ჩატარებული შეხვედრა დინამომ იმრან ულად ომარის და თორნიკე კირკიტაძის გოლებით 2-1 მოიგო.